ამ პერიოდისთვის ჩინურ ვაქცინას საკმარისი ინფორმაციული მასალა და სანდოობა არ გააჩნია , შესაბამისად მისი საქართველოში შემოტანა კატეგორიულად არ განიხილება. აღნიშნული განცხადება ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ტიკარაძის განმარტებით, ცალსახად საუბარია “ფაიზერისა“ და “ასტრაზენეკას“ ვაქცინებზე, რომელთა შეძენაც “კოვაქს პლატფორმიდან“ ხდება.
“როგორც კი სარწმუნო წყაროდან გვქონდა ზუსტი ინფორმაცია, ჩვენ საჯარო გავხადეთ. როგორც კი, გვექნება შემდეგი დასტური იმის შესახებ, თუ რა რაოდენობის ვაქცინის მოწოდებას შესძლებს “კოვაქს პლატფორმა“, ამასაც გავასაჯაროებთ. ნებისმიერი პროცესი თანმიმდევრულად წარიმართება. ჩვენი მოქალაქეები აუცილებლად მიიღებენ საჭირო რაოდენობის ვაქცინას. ალტერნატიულ ბაზრებზე გვაქვს საუბრები, მაგრამ ალტერნატიული ბაზრებს გარკვეული რისკები გააჩნიათ. გამომდინარე აქედან, ჩვენ ვართ საკმაოდ ფრთხილად. ჯერჯერობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოცემულ პროტოკოლს მივყვებით, რადგან ეს არის ყველაზე უსაფრთხო გზა ვაქცინაციის მიღებისათვის.
ამ პერიოდისთვის ჩინურ ვაქცინას საკმარისი ინფორმაციული მასალა და სანდოობა არ გააჩნია – შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო ჩინური ვაქცინის შემოტანას ამ ეტაპისთვის კატეგორიულად არ განიხილავს“, – განაცხადა ეკა ტიკარაძემ
ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ვაქცინა საქართველოში, სავარაუდოდ, მარტში ან აპრილში შემოვა. მთავრობას შეკვეთა უკვე გაფორმებული აქვს და წინასწარ 4,5 მილიონი დოლარიც უკვე გადაუხადა. ამასთან, თავდაპირველად ქვეყანაში ვაქცინა 700 000 მოქალაქისთვის შემოვა, პირველ ეტაპზე კი რისკჯგუფების წარმმადგენლების ვაქცინაცია მოხდება.
ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა ქვეყანაში თებერვლის ბოლოს შემოვა.
ა,ასთან, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ საქართველოსთვის “ფაიზერისა” და მოდერნას” ვაქცინები ხელმისაწვდომი ვერ იქნება. მისი თქმით, ამ ვაქცინებს მინუს 80-გრადუსიანი მაცივრებში შენახვა ესაჭიროება, საქართველოს კი ეს პირობები არ გააჩნია.
.