ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის მესამე ტალღას საქართველოს, სავარაუდოდ, თებერვლის მეორე ნახევრიდან უნდა ელოდოს. ამის შესახებ ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
„მაშინ როდესაც მსოფლიო საუბრობს მესამე ტალღაზე, საქართველო, რა თქმა უნდა, ვერ იქნება გამონაკლისი, თუმცა ამ კომპონენტშიც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გამოვიყენოთ და ასევე გავითვალისწინოთ ყველა არსებული გამოცდილება, არა მხოლოდ მზადყოფნის არამედ მართვის კომპონენტშიც.
ევროპაში მესამე ფაზა უკვე დაწყებულია. ჩვენ მეორე ფაზა გვქონდა შედარებით მოგვიანებით, ვიდრე ევროპას.
აქედან გამომდინარე, სავარაუდო მესამე ტალღა, შესაძლოა, იყოს თებერვლის მეორე ნახევრიდან“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ცნობისთვის, 13 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 618 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 403 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო ვირუსისგან 26 ადამიანი გარდაიცვალა.