ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ოპონენტებმა მოახერხეს, რომ ჩემს შემთხვევაში, შენება – ნგრევად, ხოლო ქველმოქმედება – მომხვეჭელობად გამოეცხადებინათ” – ბიძინა ივანიშვილი

“ქართული ოცნების” თავჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ფონდ „ქართუს“ განკარგულებაში გადასვლის პირობებში, აქტივების ადმინისტრირება თავად ფონდის გადასაწყვეტი იქნება – შესაძლოა, ნაწილი მალევე გაყიდოს, ნაწილის ექსპლუატაცია გაგრძელდეს.

ამასთან, ბიძინა ივანიშვილი “entrepreneur”-თვის მიცემულ ინტერვიში აღნიშნავს, რომ სჯობს, აქტივები მალე გასხვისდეს და მალე გადავიდეს ფონდიდან ბიზნესის ხელში.

„ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომელიმე აქტივზე დროზე ადრე უარის თქმას და ნაადრევად დაბალ ფასში გასხვისებას – თუ ბიზნესის მხრიდან გაკეთებული შეთავაზება საგრძნობლად დაბალი იქნება მის საბაზრო ფასთან შედარებით, ფონდი გააგრძელებს მის მართვას მანამ, სანამ შესაფერის წინადადებას არ მიიღებს. სასტუმროების შემთხვევაში, შესაძლოა, უკეთესიც იყოს მათი რამდენიმე წლის შემდეგ გასხვისება, რადგან პოლიტიკურ სტაბილურობასთან და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან ერთად მათი ფასიც გაიზრდება, რაც საბოლოო ჯამში, ისევ ფონდის მიერ დაგეგმილი და მიმდინარე საქველმოქმედო პროექტების ხარისხზე და მასშტაბებზე ჰპოვებს დადებით ასახვას“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ ჯობდა, ქონების ახლა გადაცემის ნაცვლად იგივე მოცულობის თანხები პირდაპირ ფონდში შეეტანა თავის დროზე და ფონდსვე წამოეწყო ეს პროექტები, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა,  რომ ამაზე მკაფიო პასუხი აქვს-ამ გადაწყვეტილებით ფონდი დარტყმას აარიდა რადგან არ უნდოდა, ფონდის იდეისთვის ვინმეს ჩრდილი მიეყენებინა.

„სავსებით გაცნობიერებულად ვარჩიე, ეს დარტყმა საკუთარ თავზე ამეღო. გახსოვთ, კრიტიკისა და ლანძღვის რა ნიაღვარი მოდიოდა ჩემი მისამართით შავი ზღვისპირეთსა თუ თბილისში მიმდინარე ტურისტულ პროექტებზე. ოპონენტებმა მოახერხეს, რომ ჩემს შემთხვევაში, შენება – ნგრევად, ხოლო ქველმოქმედება – მომხვეჭელობად გამოეცხადებინათ. ამიტომ ვარჩიე, რომ მათი სამიზნე ისევ მე ვყოფილიყავი და არა ფონდი. ახლა კი, როცა საბოლოოდ მივდივარ პოლიტიკიდან, ამ გადაწყვეტილებას უფრო თამამად ვღებულობ და მშვიდად ვარ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 11 იანვარს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წერილი გაავრცეკა, სადაც ნათქვამია, რომ ის  პოლიტიკიდან საბოლოოდ მიდის. როგორც ივანიშვილი წერილში აღნიშნავს, ის ტოვებს როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე პარტიასაც და 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს უბრუნდება.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის პოსტზე კი ირაკლი კობახიძის კანდიდატურა წარადგინეს.

“ქართული ოცნების” ყრილობა 16 იანვარს გაიმართება, სადაც 400-მდე დელეგატი პარტიის ახალ თავმჯდომარეს და ახალ პოლიტსაბჭოს აირჩევს.

იტვირთბა....