„ქართუ ბანკს“ არასდროს უცდია აგრესიული მოქმედებები და კამპანია საქართველოს ბაზარზე, არასდროს დაუსახავს მიზნად ბაზრის მონოპოლისტობა, არასდროს დასთანხმებია სახელმწიფო ანგარიშების მომსახურებას და ყოველთვის ქართული საბანკო სისტემის გაჯანსაღებას ემსახურებოდა,” – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალ “entrepreneur”-სთან საუბრისას განაცხადა.
ამასთან, როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნულ ჟურნალთან ინტერვიუში დასძინა, როგორც აქციონერს, „ქართუ ბანკიდან“ დივიდენდი არასდროს აუღია, ბანკმა კი, ამ წლების განმავლობაში, საკუთარი მოგებიდან 55 მილიონი დოლარი ასევე ქველმოქმედებაზე მიმართა.
„რაც შეეხება შპს „ელიტა ბურჯს“, ის წლების განმავლობაში წამგებიანი კომპანია იყო და მუდმივად მიწევდა მისი სუბსიდირება, რაც იმით იყო გამოწვეული, რომ დროის უქონლობის გამო, პირადად ვერ ვხელმძღვანელობდი კომპანიის მენეჯმენტს. კომპანია კი, საკუთარი ძალებით, სამშენებლო ტექნოლოგიებში განხორციელებული მასშტაბური ინვესტიციის გამო, დროის მოკლე მონაკვეთში ვერ ახერხებდა მოგების მიღებას, მაგრამ როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩემთვის საქართველოში ბიზნესის კეთებაზე მეტად ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და ზოგადად, ბიზნესგარემოს გაჯანსაღება უფრო მნიშვნელოვანი იყო.
ამ დამოკიდებულებას დღემდე ვინარჩუნებ და სწორედ ამიტომ, ბოლო რამდენიმე წელია, რაც ჩემი მეუღლის ინიციატივით, ტურისტულ ინფრასტრუქტურაში მასშტაბური ინვესტირება დავიწყეთ. ამ დონის სასტუმრო ინფრასტრუქტურის საჭიროება დღეს და უახლოეს მომავალში შესაძლოა არც იყოს, მაგრამ წლების შემდეგ დიდად წაადგება ქვეყანას, როცა მაღალ მხარჯველ უნარიანი ტურისტები მრავლად გვეყოლება, მათ შორის წელიწადის ოთხივე სეზონზე და საქართველო მსოფლიო მნიშვნელობის ღონისძიებების დამოუკიდებლად მასპინძლობას შეძლებს. მესმის, რომ მასშტაბური ინვესტიციისა და ბაზრის სიმცირის პირობებში, ასეთი პროექტები კომერციულად პროპორციულ შემოსავალს ვერ მოიტანს, მაგრამ მესმის ისიც, რომ ეს სჭირდება თბილისს, სჭირდება ქვეყანას და ამიტომაც, ჩემთვის ეს უფრო მეტია, ვიდრე სტანდარტული კომერციული პროექტი. იგივე ეხება „ქართუ ბანკს“, „ელიტა ბურჯს“ და სხვა ბიზნესებს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 11 იანვარს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წერილი გაავრცეკა, სადაც ნათქვამია, რომ ის პოლიტიკიდან საბოლოოდ მიდის. როგორც ივანიშვილი წერილში აღნიშნავს, ის ტოვებს როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე პარტიასაც და 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს უბრუნდება.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის პოსტზე კი ირაკლი კობახიძის კანდიდატურა წარადგინეს.
“ქართული ოცნების” ყრილობა 16 იანვარს გაიმართება, სადაც 400-მდე დელეგატი პარტიის ახალ თავმჯდომარეს და ახალ პოლიტსაბჭოს აირჩევს.