“გუნდი, რომელსაც ვტოვებ, მზადაა, თავად აგოს პასუხი საკუთარ თავზე და თუ საჭირო გახდა, სხვასაც აგებინოს,” – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალ “entrepreneur”-სთან საუბრისას განაცხადა.
როგორც ჟურნალთან მიცეუმულ ინტერვიუში ივანიშვილმა აღნიშნა, ის მიიჩნევს, რომ პოლიტიკაშიც, ისევე როგორც ბიზნესში, მსოფლმხედველობრივი დამოკიდებულება იყო მთავარი-გაეკეთებინა ის, რისი გაკეთებაც მის გარეშე ვერ მოხერხდებოდა და დარჩენილიყო მანამ, სანამ ამის აუცილებლობა იქნებოდა.
„ყურადღება და კონცენტრაცია ბიზნესის წარმატების აუცილებელი პირობაა. პოლიტიკაზეც ანალოგიური დამოკიდებულება მქონდა. თუმცა, თუ ბიზნესს მაინც ვაკლებდი ყურადღებას, პოლიტიკაზე სრულად ვიყავი კონცენტრირებული, მთლიანად ვიყავი მასზე ფოკუსირებული და შედეგმაც არ დააყოვნა-უკლებლივ ყველა მიმართულებით პოზიტიური და პრაქტიკულად, შეუქცევადი, შედეგები გვაქვს, რაც ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობა იყო პოლიტიკიდან საბოლოოდ დისტანცირების თაობაზე ჩემს მიერ მიღებული გადაწყვეტილების. შეიძლება პოლიტიკის სასარგებლოდ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ჩემი ბიზნესი მართლაც აზარალა და ამაში, როგორც თავად, საინტერესო ტერმინი ახსენეთ, შესაძლებლობის მაღალი ფასის გადახდა მომიწია, მაგრამ შინაგანად ყოველთვის ორივე ფრონტზე თანაბრად დახარჯვის, ჩემი შესაძლებლობების თანაბრად რეალიზაციის სურვილი მამოძრავებდა.
პოლიტიკაშიც, ისევე როგორც ბიზნესში, მსოფლმხედველობრივი დამოკიდებულება იყო მთავარი-გამეკეთებინა ის, რის გაკეთებაც ჩემს გარეშე ვერ მოხერხდებოდა და დავრჩენილიყავი მანამ, სანამ ამის აუცილებლობა იქნებოდა. მართალია, ორი წლის წინ პოლიტიკაში დაბრუნება დამჭირდა, როცა გუნდის ერთიანობას და იდეას საფრთხე შეექმნა, მაგრამ დღეს, როცა უკვე პოლიტიკიდან ჩემი წასვლის გადაწყვეტილება საბოლოოა და გადახედვას აღარ ექვემდებარება, გაცილებით მშვიდად ვარ, რადგან გუნდი, რომელსაც ვტოვებ, მზადაა, თავად აგოს პასუხი საკუთარ თავზე და თუ საჭირო გახდა, სხვასაც აგებინოს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 11 იანვარს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წერილი გაავრცეკა, სადაც ნათქვამია, რომ ის პოლიტიკიდან საბოლოოდ მიდის. როგორც ივანიშვილი წერილში აღნიშნავს, ის ტოვებს როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე პარტიასაც და 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს უბრუნდება.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის პოსტზე კი ირაკლი კობახიძის კანდიდატურა წარადგინეს.
“ქართული ოცნების” ყრილობა 16 იანვარს გაიმართება, სადაც 400-მდე დელეგატი პარტიის ახალ თავმჯდომარეს და ახალ პოლიტსაბჭოს აირჩევს.