“არასდროს განვიხილავდი საკუთარ თავს ტიპიურ პოლიტიკოსად, კლასიკური გაგებით. ყველაფერი, რაც თან სდევს პოლიტიკას, განსაკუთრებით, წარმატებულს – ძალაუფლება, საჯაროობა და ასე შემდეგ, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, მხოლოდ დისკომფორტის მიქმნიდა და გულახდილად გეტყვით, ერთი სული მქონდა, როდის დასრულდებოდა ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრებაში ეს ეტაპი,” – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალ “entrepreneur”-ის კითხვაზე, რომელიც ვადაზე ადრე ხელისუფლებიდან ნებაყოფლობითი წასვლის უპრეცედენტო გადაწყვეტილებას ეხებოდა განაცხადა.
აღნიშნულ კითხვის დასმისას ჟურნალისტმა დასძინა, რომ პოლიტიკიდან წასვლა უნიკალურია იმითაც, რომ ბიძინა ივანიშვილი უკვე მეორედ, ნებაყოფლობით თმობს ძალაუფლებას მაშინ, როდესაც დემოკრატიული, ანუ სახალხო ლეგიტიმაციის პიკშია, რაზეც „ქართული ოცნების“ ლიდერმა განუცხადა, რომ პოლიტიკაში მის მონაწილეობას კონკრეტული მიზნები და ამოცანები ჰქონდა, რომელთა შესრულების შემდეგ პოლიტიკიდან წასვლა გადაწყვიტა.
„პოლიტიკაში ჩემს მონაწილეობას ჰქონდა კონკრეტული მიზნები და ამოცანები, რომელთა შესახებ ჩემს განცხადებაში ვრცლად უკვე ვისაუბრე და რომელთა შესრულების შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, სამუდამოდ ჩამოვშორდე პოლიტიკას. მე არასდროს განვიხილავდი საკუთარ თავს, ასე ვთქვათ, ტიპიურ პოლიტიკოსად, კლასიკური გაგებით. ყველაფერი, რაც თან სდევს პოლიტიკას, განსაკუთრებით, წარმატებულს – ძალაუფლება, საჯაროობა და ასე შემდეგ, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, მხოლოდ დისკომფორტის მიქმნიდა და გულახდილად გეტყვით, ერთი სული მქონდა, როდის დასრულდებოდა ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრებაში ეს ეტაპი“, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.
შეგახსენებთ, რომ 11 იანვარს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წერილი გაავრცეკა, სადაც ნათქვამია, რომ ის პოლიტიკიდან საბოლოოდ მიდის. როგორც ივანიშვილი წერილში აღნიშნავს, ის ტოვებს როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე პარტიასაც და 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს უბრუნდება.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის პოსტზე კი ირაკლი კობახიძის კანდიდატურა წარადგინეს.
“ქართული ოცნების” ყრილობა 16 იანვარს გაიმართება, სადაც 400-მდე დელეგატი პარტიის ახალ თავმჯდომარეს და ახალ პოლიტსაბჭოს აირჩევს.