ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინის შემოტანა ამ ეტაპზე არ განიხილება.
გაბუნიას თქმით, საქართველო განიხილავს მხოლოდ იმ ვაქცინებს, რომლებსაც აქვს ან მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების ავტორიზაცია, ან ჯანმო-ს მიერ არის პრეკვალიფიცირებული.
როგორც გაბუნია ამბობს, სამინისტრო ამ დროისთვის განიხილავეს მხოლოდ Pfizer-ის, AstraZeneca-ს და Moderna-ს ვაქცინებს.
“საქართველო ვაქცინაციის პროგრამისთვის ამ ეტაპზე განიხილავს მხოლოდ იმ ვაქცინებს რომლებსაც აქვს ან მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების ავტორიზაცია, ან ჯანმო-ს მიერ არის პრეკვალიფიცირებული. ამ ეტაპზე არცერთი ჩინური ვაქცინა – სინოვაკი და სინოფარმია ყველაზე ცნობილი, არ მკაცრი მარეგულირებლების მიერ არ არის აღიარებული და არც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის პრეკვალიფიცირებული. ამდენად, ჩვენ რასაც განვიხილავთ ამ ეტაპზე, ეს არის Pfizer-ის ვაქცინა, AstraZeneca და Moderna, რომელიც ასევე არის ის კანდიდატი ვაქცინა, რომელიც შესაძლოა ქვეყანამ გამოიყენოს”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
თუმცა, შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, საქართველოსთვის “ფაიზერისა” და “მოდერნას” ვაქცინები ხელმისაწვდომი ვერ იქნება.