2016 წლიდან საწვავის ხარისხის კონტროლს სახელმწიფო დაიწყებს.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო იქნება ის სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც საწვავის ხარისხის კონტროლს განახორციელებს.
„მეტრონომი“ „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ ხელმძღვანელ ვანო მთვრალაშვილს ესაუბრა.
მისი განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული რეგულაცია სწორი და დროულია. რაც მთავარია, ის ყველა იმპორტიორ კომპანიას აიძულებს გარკვეული სტანდარტები დააკმაყოფილოს.
გამოიწვევს თუ არა ეს შედარებით მცირე იმპორტიორი კომპანიების ბაზრიდან გაქრობას, მთვრალაშვილის აზრით, ასეთი რამ არ მოხდება.
ჩვენ ასევე დავუკავშირდით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს. სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამშრომლმა ეკა ბენდელიანმა გვითხრა, რომ მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია, რომელიც ამ საკითხზე მუშაობს პარიზში მიმდინარე კლიმატის ცვლილების საერთაშორისო კონფერენციას ესწრება და სამინისტროში ჩვენთან აღნიშნულ საკითხზე კომენტარს მის გარდა ვერავინ გააკეთებდა.
შეგახსენებთ, რომ საწვავის ხარისხის კონტროლს ამ დროისთვის არცერთი უწყება არ ახორციელებს და პროდუქციის შემოწმება თავად ბიზნესის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.
მარიამ ვარადაშვილი