ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“სააკაშვილმა სჯობს, თავი დაანებოს ოპოზიციას, დაეტიოს თავის ადგილას!” – პაატა ზაქარეიშვილი ექსპრეზიდენტის მოწოდებებზე

“სააკაშვილმა სჯობს, თავი დაანებოს ოპოზიციას, დაეტიოს თავის ადგილას, რადგან ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის, რა უნდა გააკეთოს,” – აღნიშნული განცხადება პოლიტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა “მთელ კვირასთან” ინტერვიუში განაცხადა.

ამასთან, პოლიტოლოგი გამოცემასთან საუბრისას დასძენს, რომ ოპოზიციამ შეცდომა დაუშვა, რადგან აქამდე პარლამენტში არ შევიდნენ.

„სააკაშვილი მაგონებს სენტ-ეგზიუპერის „პატარა პრინცში“ მეფეს, რომელიც იმ ადგილას ჯდება, საიდანც მზე ამოდის. ამ მეფის როლშია დღეს სააკაშვილი, მოუწოდა ოპოზიციას, გაიშალეთო  და ისინიც გაიშლებიან…

„სჯობს, სააკაშვილმა თავი დაანებოს ოპოზიციას, დაეტიოს თავის ადგილას, მუდმივად რომ ქმნის ლეგენდას, რომ ის არის ოპოზიციის ლიდერი, თავისი განცხადებებით კი პოზიციებს უმყარებს „ქართულ ოცნებას“.

„ოპოზიცია რომ ადგილობრივი არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს, ამას მე სააკაშვილზე ადრე ვამბობდი, რადგან  ეს წელი იქნება „ქართული ოცნების“, რომელიც  საერთოდ არ  ფიქრობს ვადამდელ არჩევნებზე, ემზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის და ძალიან დიდ ფულსაც დახარჯავს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ოპოზიცია კი დიდი გამოწვევების წინაშე დადგა. ცუდი ქნეს, რომ დროზე არ შევიდნენ პარლამენტში, ამიტომ ახლა უნდა მოემზადონ თვითმმართველობის არჩევნებისთვის. დისტანცირება უნდა მოახდინონ სააკაშვილისგან და თვითონ მოსინჯონ ძალები. გავიდნენ  რეგიონებში და გააგებინონ ხალხს, რატომ ცხოვრობს ცუდად. რეგიონებშია სამუშაო, რადგან თბილისი და ბათუმი ოპოზიციისაა“, – განაცხადა „მთელ კვირასთან“ პაატა ზაქარეიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელის საშუალებით პოლიტიკურ ძალებს აქტიურობისა ხშირად მოუწოდებს. როგორც ყოფილი პრეზიდენტი ხშირად ამბობს, საქართველოს დასაკარგი დრო არ აქვს და ხალხს თავისი ხმა უნდა დაუბრუნონ.

„მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას და მის ლიდერებს, გაიშალონ რეგიონებში. თქვენ ბევრად მეტი შესაძლებლობები გაქვთ, ვიდრე მე, „სკაიპითა“ და ტელეფონით დაკავშირებისას ვესაუბრო ჩვენს ხალხს. ჩვენს ხალხშია ჩვენი ძალა, ხალხი ითხოვს სამართლიანობას და ამ ხალხს უნდა დავუბრუნოთ თავისი ხმა“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

იტვირთბა....