ე.წ. კანონიერი ქურდის მინდია გორაძის, იგივე მინდია ლავასოღლის და, ირინა გორაძე აცხადებს, რომ მისი ძმის ბელორუსიიდან მონტენეგროში ექსტრადირება არ მომხდარა.
მისივე განმარტებით მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„არ მომხდარა მონტენეგროში ექსტრადირება. ეს არის ჭორი. არც ალექსანდრე კობაიძე და არც სხვა ადვოკატი საქართველოში არ იცავს ჩემი ძმის ინტერესებს. არ გვყავს ჩვენ საქართველოში ადვოკატი. შესაბამისად, ვის რა ინფორმაცია აქვს, ვინ რას ავრცელებს და რას ადასტურებს, არ ვიცი. თუ სად იმყოფება ამ ეტაპზე ჩემი ძმა, საქართველოს მოქალაქე, ამის გასარკვევად მიმართეთ შესაბამის უწყებებს”– აცხადებს ირინა გორაძე.
თუმცა, ე.წ. კანონიერი ქურდის, მიდნია გორაძის, იგივე ლავას ოღლის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მონტენეგროში იმყოფება.
როგორც ლავას ოღლის ადვოკატი “ინტერპრესნიუსთან” განმარტავს, ლავას ოღლი ბელორუსიიდან უკრაინაში მიდიოდა, თუმცა, ქვეყანამ ის არ მიიღო, რის გამოც, ე.წ. კანონიერი ქურდი მონტენეგროში აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ მინდია გორაძე, იგივე ლავას ოღლი ე.წ. კანონიერი ქურდობისთვის ორ საქმეზეა მსჯავრდებული, ერთ მათგანზე მას 10 წლით, მეორეზე საქმეზე კი 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.