” ეს მედიკამენტი გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ კვალიფიციური სპეციალისტების მიერ, შესაბამისი გამოცდილების მქონე კლინიკებში,” – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ მედიკამენტ „ტოცილიზუმაბთან“ დაკავშირებით დღეს განაცხადა.
თუმცა, როგორც ცერცვაძე მედიასთან საუბრისას დასძენს, შესაძლოა საქართველოში ახლა უკვე ფართოდ დაინერგოს „ტოცილიზუმაბის“ გამოყენების პრაქტიკა.
„ოთხი ავადმყოფი გვყავს ნამკურნალები ამით. ჩვენთან არც ერთხელ გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა, ალბათ იმიტომ, რომ ყურადღებით ვარჩევდით ისეთ პაციენტებს, რომელსაც უკუჩვენება არ ჰქონდა. ჩვენ ფართოდ ვერ ვიყენებდით ამ მეთოდს, ვინაიდან არ იყო ჯერ საერთაშორისო თანხმობა. პროტოკოლში ისედაც იდო, მაგრამ იდო ასე: გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც სხვა საშუალებები არაეფექტურია. ახლა ჩვენ შეიძლება გავაფართოვოთ ეს ჩვენება. ძალიან ფართოდ მაინც ვერ გამოვიყენებთ, ეს არის ძლიერმოქმედი, მას აქვს უკუჩვენებები. ეს მედიკამენტი გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ კვალიფიციური სპეციალისტების მიერ, შესაბამისი გამოცდილების მქონე კლინიკებში“, – განაცხდა ცერცვაძემ.