“ჯერ კიდევ პანდემიის ადრეული პერიოდიდან „ტოცილიზუმაბის“ გამოყენება ჩვენი ინოვაციური მიდგომა იყო, თუმცა ჯერ მსოფლიოში არ იყო აღიარებული მისი ეფექტურობა,” – აღნიშნული განცხადება ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ მედიკამენტ „ტოცილიზუმაბთან“ დაკავშირებით დღეს განაცხადა.
როგორც ცერცვაძე მედიასთან საუბრისას განმარტავს, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ნაციონალურმა სამსახურმა დაადასტურა. რომ აღნიშნული პრეპარატის გამოყენებამ შეამცირა კოვიდინფიცირებული პაციენტების სიკვდილიანობის მაჩვენებელი და ასევე მათი ჰოსპიტალში დაყოვნების დრო.
„დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ნაციონალურმა სამსახურმა ოფიციალურ საიტზე გამოაქვეყნა პოსტი, რომ ინგლისის მთავრობის მიერ დაფინანსებულ, ძალიან სოლიდურ კლინიკურ კვლევაში, რომელიც მოიცავდა რეანიმაციაში მყოფ კრიტიკულად მძიმე ავადმყოფებზე მკურნალობისას დაკვირვებას, მედიკამენტმა „ტოცილიზუმაბმა“ აჩვენა, რომ ამ მედიკამენტმა 24 პროცენტით შეამცირა სიკვდილიანობა და დაახლოებით, 10 დღით შეამცირა პაციენტების ჰოსპიტალში დაყოვნების ვადა. ინგლისის მთავრობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ინგლისის ყველა კლინიკა მოამარაგოს ამ მედიკამნეტით.
ჩვენ საქართველოში ჯერ კიდევ პანდეემიის ადრეული პერიოდიდან, სტანდარტულ მკურნალობასთან ერთად, ვიყენებდით მთელ რიგ ინივაციურ მიდგომებს, იგივე „ტოცილიზუმაბის“ გამოყენება ჩვენი ინოვაციური მიდგომა იყო, მაგრამ არ იყო მსოფლიოში აღიარებული მისი ეფექტურობა“, – განაცხადა ცერცვაძემ.