ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დღეიდან განაცხადების მიღება დაიწყო”- ვის ეხება მიზნობრივი სოციალური დახმარების ახალი ტალღა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრაზე მიზნობრივ სოციალურ დახმარებაზე დეტალურად ისაუბრა, რომელიც იანვრიდან იწყება.

გახარიამ კიდევ ერთხელ განმარტა, ვის ეკუთვნის მიზნობრივი სოციალური დახმარება.

როგორც გახარიამ აღნიშნა, მოქალაქეების რეგისტრაცია დახმარების მისაღებად უკვე დაიწყო.

მოგეხსენებათ, 2020 წლის 28 ნოემბრის შემდგომ, როდესაც ჩვენ მიზნობრივი შეზღუდვების ახალი ეტაპი გავაცანით ჩვენს მოქალაქეებს, ასევე ამ შეზღუდვებთან ერთად გავაცანით სოციალური მხარდაჭერის კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა მიზანიც იყო ამ შეზღუდვებზე პასუხი – ეს იყო ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარება, რომლითაც უკვე ისარგებლა, ფინანსთა სამინისტრო დამეთანხმება, 120 ათასზე მეტმა ჩვენმა მოქალაქემ.

“თუმცა ამასთან ერთად ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ახალი წლიდან იწყება ახალი ეტაპი, ახალი ტალღა მიზნობრივი სოციალური დახმარებისა, რომელიც მოიცავს უკვე სისტემურ ნაბიჯებს, სისტემურ სოციალურ მხარდაჭერას ჩვენი მოქალაქეებისა. პირველი, ეს გახლავთ 1 200 ლარიანი მხარდაჭერა 6 თვის განმავლობაში ჩვენი მოქალაქეებისათვის, რომელმაც ძალიან კარგად იმუშავა პირველ ეტაპზე, ეს დახმარება გაიცემა და დაიწყო აღრიცხვა, იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც დაკარგეს სამსახური და არ იღებენ ხელფასს 2020 წლის დეკემბრიდან. ეს არის პირველი ნაწილი. მეორე ნაწილი – ჩვენი ყველა მოქალაქე, რომელიც არის 65 000-დან 100 000 ქულამდე, სოციალურად დაუცველის რანგში, მათ ყოველთვიურად, 6 თვის განმავლობაში ექნებათ 100 ლარიანი მხარდაჭერა. ასევე ჩვენი ყველა მოქალაქე, 0-დან 100 ათას ქულამდე მყოფი, რომელსაც ოჯახში ჰყავს სამი ან მეტი შვილი 16 წლამდე, მათაც 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად ექნებათ 100 ლარიანი მხარდაჭერა. 18 წლამდე შშმ და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის, ასევე ყოველთვიურად, 6 თვის განმავლობაში, იქნება 100 ლარიანი მხარდაჭერა,”- აცადებს გახარია.

გახარიას ინფორმაციით, ამ სოციალური მხარდაჭერის პორტფელის ბიუჯეტი არის დაახლოებით 610 მილიონი ლარი.

მისივე თქმით, იქნება კონკრეტული მიზნობრივი მხარდაჭერა კომპანიებისთვის, იმისთვის, რომ მათ შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები.

“მთავარია ის, რომ დღეიდან იწყება განაცხადების მიღება ჩვენი მოქალაქეებისთვის, მიზნობრივი სოციალური მხარდაჭერის მისაღებად ყველა იმ პუნქტებით, რომელიც ახლა მე ჩამოვთვალე. ფინანსთა სამინისტრო და ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები ამისთვის მზად არიან. არანაირი შეფერხება აქ არ უნდა იყოს. მთავარია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა, მათ, რომლებმაც სამსახურები დაკარგეს და მათ, ვისაც ეკუთვნით ეს მიზნობრივი სოციალური დახმარება, რაც შეიძლება სწრაფად და დროულად მიიღონ სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯის შედეგად სოციალური მხარდაჭერა,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

იტვირთბა....