ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“როცა გაიგებ, ბაჩოს რაები აქვს ჩადენილი, ვერ გადაიტან მას რომ ოდესმე იცავდიო” – რას იხსენებს ეკა ხერხეულიძე ბაჩო ახალაიაზე

“ბაჩომ 6 თვის დატოვა კესო და მას მერე არ უნახავს. ბავშვმა იცის, რომ საზღვარგარეთ მუშაობს მამა და სულ იმას არკვევს, რა სამსახურია ასეთი, რომ მამა 7 წელი სახლში ვერ დაბრუნდა,” – ამის შესახებ “ნაცმოძრაობის” წევრი, ეკა ხერხეულიძე “ფეისბუქის” ერთ-ერთ პოსტში წერს.

პოლიტიკოსი ამავე პოსტში ბაჩო ახალაიას სასამრთლო სხდომების მიმდინარეობას იხსენებს, რომელსაც “მეტრონომი” უცვლელად გთავაზობთ.

„ერთმა მაღალი ცნობადობის პოლიტიკოსმა მითხრა, ეკა, შენ ძალიან ემოციური ადამიანი ხარ და როცა გაიგებ, ბაჩოს რაები აქვს ჩადენილი, ვერ გადაიტან მას რომ ოდესმე იცავდიო… რა თქო, ვკითხე. 7 ჯარისკაცი ცოცხლად დამარხაო… ბუნებრივი კითხვა გამიჩნდა – მერე 7 შვილმოკლული დედა რატო დუმს-თქო? კარგი რა, ეშინიათო…

ძალიან დაბნეული ვუსმენდი, მაგრამ იმის თქმა მაინც მოვახერხე, რომ წარმოუდგენლად მიმაჩნდა შვილმკვდარი დედების დუმილი.

მერე დავიწყე ბაჩოს პროცესებზე სიარული. თავიდან 4-5 პოლიტიკოსი დავდიოდით, ეს მერე გაიზარდა ბაჩოს გულშემატკივართა სია.

მერე სასამართლოზე კანონიერი ქურდების და ავტორიტეტების ჩვენებებს ვუსმენდი და სტენოგრამებს ვაქვეყნებდი.

მოსამართლის კითხვაზე, რაში გამოიხატებოდა ბაჩოს მხრიდან მათზე წნეხი, სრული გულწრფელობით ყვებოდნენ, როგორ არ აინტერესებდა 25 წლის უფროსს „ობშიაკი“ და ასგზის შეთავაზების მიუხედავად, კრიმინალების ბიზნესპარტნიორი არ გახდა,რითაც მათი უფლებები დაირღვა…

მერე ყველამ ერთად ვნახეთ ცრუ მოწმეების ხელზე დაწერილი შპარგალკები და საცირკო ჩვენებები.. თუმცა სულმდაბალი, თავმოყვარეობა წართმეული ჯამბაზების გარდა, ვისმენდი ავღანეთში და რუსეთ-საქართველოს ომში ნაომარი ვაჟკაცების სიტყვებსაც…

ადამიანები, რომლებიც ვერ გატეხეს, ცრუ ჩვენებები ვერ მიაცემინეს და სიტყვის დასრულების შემდეგ მიმართავდნენ პატიმარს – მადლობა, ბატონო მინისტრო!

ბევრ მათგანს გაუტეხელობისთვის პატიმრობა მიუსაჯეს, დანარჩენები იძულებული გახადეს, ქვეყანა დაეტოვებინათ…

ბევრი ვიარე თუ ცოტა, ამ სასამართლო პროცესებზე ბაჩო 13-ჯერ გამართლდა. სიმართლის საძიებლად თავის ფეხით დაბრუნებული შეახეთქეს ციხეში და გათავისუფლების ვადად 2022 წლის 3 მარტი დაუდგინეს. ანუ სიმბოლური 9 წელი.

მეშვიდე წელია სასჯელს სამარტოო საკანში იხდის. კითხულობს, თარგმნის და სამხედრო ლიტერატურას გამოსცემს.

მისმა ცოლმა და უახლოესმა მეგობარმა აკო მინაშვილმა ჩააბარეს ადვოკატის გამოცდები და ყოველდღე, სამუშაო საათების დასრულებამდე მატროსოვზე დადიან იმისთვის, რომ ბაჩოს მძიმე დღეები შეუმსუბუქონ.

დედამისი შვილების მიმართ სასტიკ განაჩენს შეეწირა. ახალგაზრდა ქალი ყოველი პროცესის წინ სასამართლოს კარებთან იდგა და აფთარივით იცავდა შვილს დაქირავებული ხალხისგან. ყველა დარტყმას თავად იღებდა და დარბაზამდე არ უშვებდა სალახანებს. ბოლოს მისი გამძლეობაც დაილია და ორივე შვილისგან შორს მყოფი გაქრა….

ბაჩომ 6 თვის დატოვა კესო და მას მერე არ უნახავს. ბავშვმა იცის, რომ საზღვარგარეთ მუშაობს მამა და სულ იმას არკვევს, რა სამსახურია ასეთი, რომ მამა 7 წელი სახლში ვერ დაბრუნდა.

სამაგიეროდ, ბაჩო ყოველ საღამოს ურეკავს ჯერ კიდევ უცნობ შვილს და ზღაპარს უყვება. ბაჩოს მიერ მოგონილი ლამაზი ზღაპრები საქართველოს უკეთეს მომავალზე იწერება…

კესოც დიდი მოთმინებით ელის მამამისის „მივლინების“ დასრულებას და ასე გადის სევდიანი დღეები.

მე რომ მკითხოთ ბაჩოს ღირსებებზე, უპირველესად იმას გავუსვამდი ხაზს, რომ მიუხედავად სირთულეებისა, შინაური თუ გარეული უსამართლო ხალხისგან გულისტკენისა, დღემდე კრინტი არ დაუძრავს და თუ რამე დღემდე გამოუქვეყნებია, მხოლოდ გამაერთიანებელი პათოსის მატარებელია…

სათქმელი კი ძალიან ბევრი აქვს, იქნებ ყველაზე მეტიც… თუმცა საკუთარ თავზე წუწუნი უმნიშვნელოდ მიაჩნია და მთავარი საქმის ღირსეულ მოკავშირედ რჩება.

დღეს ბაჩოს დაბადების დღეა. რა ვუსურვო გარდა იმისა, რაც ყველაზე მეტად უნდა – გამთლიანებული გვენახოს ჩვენი სამშობლო, ბაჩო…” – წერს ხერხეულიძე.

იტვირთბა....