საქართველოს საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც საპატრიარქოს განცხადებაში ვკითხულობთ, შორენა თეთრუაშვილის დაინფიცირების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ გააჩნიათ და ტესტირების პასუხი ხვალ იქნება.
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ თეთრუაშვილს კორონავირუსით ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი, რის შემდეგაც მას სიმპტომები გამოუვლინდა და ის თვითიზოლაციაში იმყოფება.
„მასმედიის საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია.
აღნიშნულის შესახებ გაცნობებთ, რომ შორენა თეთრუაშვილს ნამდვილად ჰქონდა შეხება ადამიანთან, რომელსაც დაუდასტურდა კოვიდინფექცია. ამის შემდეგ სიმპტომები გამოუვლინდა თავად მდივან-რეფერენტსაც. ამჟამად იგი იზოლაციაშია. მან გაიკეთა PCR ტესტი, რომლის პასუხიც ხვალ იქნება ცნობილი“, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ცნობილია, რომ ორი დღის წინ შორენა თეთრუაშვილს ტესტი გაუკეთდა, რომლის პასუხი დადებითი აღმოჩნდა, დღეს კი განმეორებითი ტესტის პასუხს ელოდებიან.