კომპანიებმა „ტვიტერმა“ და „ფეისბუქმა“ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიშები დროებით დაბლოკა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ინფორმაციით, კომპანიების ეს გადაწყვეტილება უკავშირდება დონალდ ტრამპის უსაფუძვლო განცხადებებს, რომლებსაც არჩევნების შედეგების შესახებ ავრცელებდა და ასევე, დედაქალაქში მომხდარ არეულობებს.
დონალდ ტრამპმა „ტვიტერში“ დაწერა, რომ კაპიტოლიუმის შენობის შტურმი „ბუნებრივი რეაქცია“ იყო. მან ასევე ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ პენსს არ ეყო გამბედაობა, გაეკეთებინა ის, აშშ-სა და კონსტიტუციის დასაცავად იყო საჭირო.
აღნიშნული პოსტების გამოქვეყნების შემდეგ „ტვიტერმა“ მოქმედი პრეზიდენტის ანგარიში 12 საათით დაბლოკა. კომპანიამ ტრამპის სამი პოსტის წაშლა მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის დაბლოკილი დარჩება.
„ჩვენ მოვითხოვეთ დონალდ ტრამპის სამი „ტვიტის“ წაშლა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. ეს ნიშნავს, რომ დონალდ ტრამპის ანგარიში 12 საათის განმავლობაში დაბლოკილი იქნება. თუ აღნიშნული ტვიტები არ წაიშლება, ტრამპის ანგარიში დაბლოკილი დარჩება“, – განაცხადა „ტვიტერის“ ადმინისტრაციამ.
მოგვიანებით კომპანია „ფეისბუქმაც“ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ანგარიში 24 საათის განმავლობაში დაიბლოკებოდა.