პოლიციამ ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული გ.ა. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ძმას – 2001 წელს დაბადებულ მ.ა.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.