ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია შობის დღესასწაულთან დაკავშირებით მოქალაქეებს მოუწოდებს, რეკომნედაციები მაქსიმალურად დაიცვან.
როგორც თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მნიშვნელოვანია წესების დაცვა არ დაგვავიწყდეს და მივყვეთ იმას, რაც დაგვიცავს ინფექციის გავრცელებისგან.
“რა თქმა უნდა, ერთადერთი რეკომენდაცია, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის შესრულდეს, ეს არის ინდივიდუალურ დონეზე პირადი დაცვის საშუალებების გამოყენება – ნიღაბი, ხელის ჰიგიენა და ფიზიკური დისტანციის დაცვა – 2 მეტრი. დღეს დიდი დღესასწაულია, ამ დღეს ყველა ველოდებით, მაგრამ მნიშვნელოვანია წესების დაცვა არ დაგვავიწყდეს და მივყვეთ იმას, რაც დაგვიცავს ინფექციის გავრცელებისგან“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
ცნობისთვის, დღეს, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, გაონაკლიისის სახით დღეს, 21:00 საათიდან 7 იანვრის 05:00 საათამდე გადაადგილებაზე შეზღუდვა იხსნება.