“მესმის, რომ კობახიძე ძერჟინსკი ბედნიერია, რომ არ ვარ პარლამენტში. მინდა ვუთხრა, რომ ის დროებითაა ბედნიერი, ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდება მისი ბედნიერება,” – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა, ირმა ინაშვილმა ირაკლი კობახიძის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.
როგორც ინაიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განმარტა, “კომუნისტურმა ოცნებამ” დაამახინჯა პარლამენტის რეგლამენტი.
„მინდა ვუპასუხო ამ იარლიყების მიკერების თემას, რაც მანკიერებაა ქართულ პოლიტიკაში და ჩვენ ბოლოს და ბოლოს უნდა დავამთავროთ პოლიტიკური იარლიყების მიკერების ასეთი უზნეო პრაქტიკა.
მესმის, რომ კობახიძე ძერჟინსკი ბედნიერია, რომ არ ვარ პარლამენტში. მინდა ვუთხრა, რომ ის დროებითაა ბედნიერი, ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდება მისი ბედნიერება. დაინიშნება ახალი არჩევნები და კობახიძე აღარ იქნება პარლამენტში. რუსული შემადგენელი, რაზეც ის საუბრობს, მე პარლამენტში ვსაუბრობდი საქართველოს ინტერესების დაცვაზე, ესაა რუსული შემადგენელი? მე ვლაპარაკობდი მშვიდობაზე, შერიგებაზე აფხაზებთან და ოსებთან, ესაა რუსული შემადგენელი? ახლა მე მინდა გითხრათ, რომ თვითონ დასავლური „ქართული ოცნება“ მთელი ამ წლების განმავლობაში კომუნისტურ საქართველოს აგებდა და ბოლოს მიაღწია, რომ კომუნისტური პარტიის რეჟიმში მოქმედებს ახლა. ვითომ დასავლურმა „ქართულმა ოცნებამ“ მოსპო პარლამენტში პოლიტიკური დებატები და პოლიტიკური პროცესი. ისე დაამახინჯეს და ერთ პარტიაზე მოირგეს რეგლამენტი, რომ მაგალითად, 4 დეპუტატი ფრაქციას ვერ ქმნის და არავითარი ბერკეტი არ აქვს, რომ პარლამენტში პოლიტიკური დებატი გაუწიოს „კომუნისტურ ოცნებას“. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მოხდება დიდი გამოფხიზლება ამ ქვეყანაში და თვალის ახელა იმაზე, რა სახელმწიფოს ქმნის „ქართული ოცნება“, – განაცხადა ინაშვილმა.
ცნობისთვის, “ქართული ოცნების” ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტში არ შევიდა „პატრიოტთა ალიანსის” რუსული შემადგენელი.