ახალი ამბები მთავარი სამართალი

ქალთა ციხეში კორონავირუსი დადასტურდა – როგორ მოხვდა ვირუსი საპატიმროში

პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს,  რომლის ტანახმადაც, ქალტა დაწესებულებაში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები დადასტურდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ქალი პატიმრები, რომლებსაც ინტენსიური PCR ტესტირების შედეგად კოვიდი აღმოაჩნდათ, უსიმპტომოები არიან და საკარანტინო სივრცეში თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

„ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, 2020 წლის 31 დეკემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატიმრების ინტენსიური PCR ტესტირება დაიწყო. 31 დეკემბერს N11 (არასრულწლოვანთა) პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ 22 მსჯავრდებულს ჩაუტარდა PCR ტესტირება და ყველა პასუხი უარყოფითი იყო. 2021 წლის 3 იანვარს PCR ტესტირება N5 პენიტენციური (ქალთა) დაწესებულებაში მყოფ 329 ბრალდებულ/მსჯავრდებულს ჩაუტარდა.

მათგან 23 პატიმრის ტესტის პასუხი იყო დადებითი, თუმცა არც ერთ მათგანს covid-19-ისთვის დამახასიათებელი არანაირი სიმპტომი არ აქვს, თავს კარგად გრძნობენ და შესაბამისად, ისინი დაწესებულების დანარჩენი კონტიგენტისგან იზოლირებულად, დაწესებულების საკარანტინო სივრცეში არიან მოთავსებულები და მედპერსონალის დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.

ასევე, სხვა პატიმრებისგან (მათ შორის კოვიდინფიცირებულებისგან) იზოლირებულად არიან მოთავსებულები ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი პატიმრები, რომელთა ტესტების პასუხები იყო უარყოფითი. ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები მათაც არ აღენიშნებათ, თუმცა ისინიც მედპერსონალის დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. რაც შეეხება დაწესებულების თანამშრომლებს, ისინი სამუშაო ადგილზე ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით (პირბადე, ხელთათმანები, ბახილები და ა.შ.) არიან აღჭურვილები.

ამასთან, კვირაში ერთხელ გადიან PCR ტესტირებას, ხოლო შუალედში, 72 საათში ერთხელ სწრაფი ტესტით მოწმდებიან.

აღსანიშნავია, რომ N5 დაწესებულებაში მყოფი 329 პატიმარი PCR ტესტირებიდან 14 დღის გასვლის შემდეგ კვლავ გაივლის PCR ტესტირებას, ხოლო შუალედში, ყოველ 72 საათში ერთხელ სწრაფი ტესტით შემოწმდებიან იმისთვის, რომ ვირუსის არსებობის შემთხვევაში ადრეულ სტადიაზე მოხდეს მისი დიაგნოსტირება. ამასთან, ყველა პატიმარს მისი საჭიროების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება გაეწევა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს ბრალდებულ/მსჯავრდებულების ინტენსიურ PCR ტესტირებას და უახლოეს პერიოდში ეს პროცესი ყველა პენიტენციურ დაწესებულებას მოიცავს”, – აცხადებენ უწყებაში.

იტვირთბა....