მამა პეტრე კოლხი შობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მამა პეტრე წერს, “მოვწესრიგდეთ, გავსუფთავდეთ,იქნებ გაგვიმართლოს და ჩვენი გული აღმოჩნდეს ბეთლემი, ყრმა იესო რომ იბადება! პლანეტას მხსნელი ევლინება. არ ვართ მარტო!”
„მალე სიყვარული იბადება… სიყვარული მოდის. პატარა, გაშლილი და უცოდველი ხელებით. იბადება და ჩვენი ხელმეორედ დაბადება განუზრახავს.
ის დაბადებამდეც იყო. პაწიაა, თან დიდი და უსასრულოა. არსად არის და ყველგანაა. არაფერს ეტყობა და ყველაფერშია. პატარა, უმწეო, უბრალო გამოქვაბულში გაჩნდა. ადამიანებო, მიყვარხართო, მკლავები გაშალა, ჩვენ ვისარგებლეთ და ჯვარს ვაცვით.
ამ სიყვარულს იესო ჰქვია, იესოს კი სიყვარული.. მოგწონთ, არ მოგწონთ, გიყვართ, არ გიყვართ… არაფერზე იფიქროთ, არავინ შევიძულოთ, ახლა ღვთისმშობელი ადგილს ეძებს, სადაც შეიძლება სიყვარული შვას, რომელსაც ღმერთი ჰქვია.
ჰოდა, მოვწესრიგდეთ, გავსუფთავდეთ,იქნებ გაგვიმართლოს და ჩვენი გული აღმოჩნდეს ბეთლემი, ყრმა იესო რომ იბადება! პლანეტას მხსნელი ევლინება. არ ვართ მარტო!, – წერს მოძღვარი.