„ამ ვირუსის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით. ეს შტამი გარკვეული კრიტერიუმებით განსხვავდება ადრე მოცირკულირე ვირუსის შტამებისგან. კვლევა გრძელდება და ჯერ მისი ყველა თვისება არ არის დადგენილი. დადგენილია ერთი – ეს ვირუსი გადაეცემა უფრო იოლად და შესაბამისად, მეტ რისკს წარმოადგენს დაავადების გავრცელების თვალსაზრისით. მას, დაახლოებით, 60-70%-ით უფრო მეტი გადამდებობა ახასიათებს. ამ შტამის სიკვდილიანობა უფრო მეტი არ არის, ვიდრე იყო ჩვეულებრივი შტამის დროს, რა ძალიან მნიშვნელოვანია. რჩება გაურკვეველი ერთი საკითხი, როგორ ურთიერთობა ექნება ამ შტამსა და ვაქცინირებულ ადამიანებს ერთმანეთთან.“
თენგიზ ცერცვაძე – ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი.
ამის შესახებ მან “პრაიმტაიმს” განუცხადა.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულია 50 წლის პირი, რომელიც საქართველოში სხვა ქვეყნიდან შემოვიდა, თუმცა მას დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორია არ აქვს.