ახალი წლის ღამეს ბორჯომში, ვაშლოვანას დასახლებაში მკვლელობა მოხდა. იმ ღამით ნასვამ მდგომარეობაში მყოფ შვილსა და დედას შორის მომხდარი კონფლიქტი ტრაგედიით დასრულდა. 62 წლის ქალმა საკუთარ ვაჟს დანა გულმკერდის არეში ჩაარტყა. შვილის დაჭრის შემდეგ გამთენიისას, 5 საათზე, თავად დარეკა 112-ში და სასწრაფოს დახმარება ითხოვა, მაგრამ ექიმებმა დაჭრილს ცოცხალს ვეღარ მიუსწრეს. 41 წლის მამაკაცი სასწრაფოს ბრიგადას გარდაცვლილი დახვდა.
თავად დედა პოლიციას ჩაბარდა. ის სამართალდამცავებმა სახლიდან პოლიციის შენობაში გადაიყვანეს.
ცნობილია, რომ ტრაგედიის დროს სახლში მოკლულის მამაც იმყოფებოდა, თუმცა იმ დროს მას ეძინა და ფაქტის თვითმხილველი არ არის. მომხდარის შესახებ ოჯახის წევრებს საუბარი არ სურთ. გარდაცვლილის მამა მხოლოდ იმას ამბობს, რომ შემთხვევის დროს სხვა ოთახში იყო.
“შვილი რომ გამოვიდა, ცოტა სისხლი სდიოდა, ვკითხე რა მოხდა-მეთქი, მან მიპასუხა, არაფერიო. ამ დროს ცუდად გახდა. მე სხვა არაფერი ვიცი” – განაცხადა მან.
ადგილობრივების თქმით, შვილი დედაზე სისტემატურად ძალადობდა და სავარაუდოდ, ტრაგედიის მიზეზიც სწორედ ეს გახდა.
“უკრაინელები არიან, წლებია ბორჯომში ცხოვრობენ. იგორის დედა წლების განმავლობაში საბერძნეთში ცხოვრობდა და იქ მუშაობდა. ერთი წელია, რაც საქართველოში ჩამოვიდა. ზოგადად ოჯახის წევრებს დალევა უყვართ. იგორი ბოლო წლებია სულ სვამს და მთვრალი დადიოდა. დედას სისტემატურად სცემდა, როცა მთვრალი იყო და ეს ქალი შვილისგან ძალადობის მსხვერპლი იყო.
ეტყობა მორიგი კონფლიქტი მოხდა და გაბრაზებულზე დედამაც დანა ჩაარტყა. მოკლულის მამა, მიხეილ პოსტნიაკოვი წლებია გიდად მუშაობს ბორჯომში, ის ტურისტებს 1971 წლიდან ემსახურება. მას ამ ქალაქში ყველა იცნობს. სტუმრებს ქალაქის ისტორიას უყვება, ღირსშესანიშნაობებს ათვალიერებინებს. აგემოვნებინებს ბორჯომის წყალს და მის სამკურნალო მნიშვნელობაზე ესაუბრება. როგორც ვიცი, საქართველოში უკრაინიდან ტურისტად ჩამოვიდნენ, მერე ისე ძალიან მოეწონათ ბორჯომის ხეობა, რომ აქ გადმოსახლდნენ. მეუღლეც უკრაინელი ჰყავს. აქ დაიბადნენ მათი შვილები, უკვე ათეული წლებია ბორჯომში ცხოვრობენ. მოკლული დაოჯახებული არ არის. ეტყობა იმ ღამითაც ნასვამი იყო და მოხდა ეს ტრაგედია”, – ამბობს ადგილობრივი.
იხილეთ სრულად: ambebi.ge