„საქართველოს პრინცი Instagram-ის ვარსკვლავია“, – სწორედ ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა WIRED-ი ბერა ივანიშვილთან ჩაწერილ ინტერვიუს.
ბერა ივანიშვილი გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში ამბობს, რომ კლასიკური მუსიკა მისთვის ყველაფრის არსია და პიანინოზე დაკვრა ბებიამ ასწავლა. განსაკუთრებით უყვარს დებიუსი და რომანტიკული ფრანგული მელოდიები. ქართული პოლიფონიური სიმღერაც იცის, თუმცა როგორც თავად ამბობს, პოპ მუსიკის შესაქმნელად დაიბადა.
ამასთან, როგორც ბერა ივანიშვილი გამოცემასთან დასძენს, არასდროს უგრძვნია თავი ცუდად იმის გამო, რომ ალბინოსი იყო. ამაში კი მშობლების წვლილზე საუბრობს, რომლებიც ყოველთვის დიდ სიყვარულს ჩუქნიდნენ და მხარში ედგნენ. „ადამიანებს სძულთ ყველაფერი, რაც მათგან განსხვავებულია, მაგრამ ამ გამოწვევებს „განგსტერულად“ გავუმკლავდი. ბავშვობის გამოცდილებამ მებრძოლის მენტალიტეტი ჩამომიყალიბა“.
როდესაც ბერა 11 წლის იყო, მისი პატარა ძმა, ცოტნე დაიბადა, რომელიც ზუსტად მისნაირი იყო. ამ დროს ოჯახი უკვე თბილისში ცხოვრობდა. იმისათვის, რომ პატარა ძმა საზოგადოების ბოროტებისგან დაეცვა, მშობლები დაარწმუნა, რომ ცოტნეს განათლება სახლში მიეღო და სკოლაში არ ევლო. „მამაჩემს დღემდე უკვირს, რომ ხალხს შეიძლება ჩვენი გარეგნობა არ მოსწონდეს. ყოველთვის გვეუბნება, რომ ანგელოზებს ვგავართ“.
თინეიჯერობის წლებში ბერა ლოს-ანჯელესში სიმღერების ჩაწერით იყო დაკავებული. ის რობ ფუსარისთან ერთად მუშაობდა, რომელიც მანამდე დისტინი ჩაილდის და ლედი გაგას პროდიუსერი იყო.
17 წლის ასაკში ბერა თავისი მუსიკით აქტიურად იყო ჩართული „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ კამპანიაში. მამამისის გამარჯვების შემდეგ მან პოლიტიკური მუსიკა უკან მოიტოვა და პოპს დაუბრუნდა. ბერას სიმღერას „Untouchable“ სპოტიფაიზე მილიონზე მეტი მოსმენა აქვს. ის დიდ სტუდიებთან მუშაობას ერიდება და საკუთარი მუსიკის პროდიუსინგს თავად აკეთებს.
მისივე თქმით, მამასისი ყოველთვის უბიძგებდა კრიტიკული აზროვნებისკენ. „ეს ჭადრაკის თამაშს ჰგავდა, მან გამწვრთნა ცხოვრების სხვადასხვა ასპექტში. “განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა მამაჩემთან. ის ყოველთვის ამბობდა, რომ დიდი ხის ნაწილი ვიყავი, რომელსაც ასევე დიდი ჩრდილი ჰქონდა. ჩემთვის უმჯობესი იქნებოდა ამ ხის ჩრდილში დარჩენა. მე ერთადერთი ვიყავი ჩემს და-ძმებს შორის, რომელიც ამის წინააღმდეგი იყო. ვამბობდი, მირჩევნია ეს ხე მოვჭრა, ვიდრე მის ჩრდილში ვიცხოვრო“.
„ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ მამაჩემის გარშემო ყოველთვის უცნაური აურა ტრიალებდა და დღემდე ასეა. მისი სახელის ხმამაღლა ხსენებასაც ვერ ბედავენ. სწორედ ასე ესაუბრებოდნენ ძველ დროში ყველაზე დიდებულ მეფეებს“.