სკანდალური პრეპარატის “მადლი ღვთისას” შემქმნელებმა “პრაიმტაიმთან” ინტერვიუში განაცხადეს, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ერთ-ერთმა მთავარმა მებრძოლმა ლევან რატიანმა მათთან შეხვედრისას “მადლი ღვთისა” მიიღო. – ამის შესახებ ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს.
„ყველას შევხვდით, თენგიზ ცერცვაძესაც და ლევან რატიანსაც. რატიანმა მიიღო ეს წამალი და თქვა, რომ ის მორწმუნე ბებიის გაზრდილი იყო და სჯეროდა ჩვენი, მაგრამ დანარჩენებმა თქვეს, რომ ღმერთი არ სწამთ და მათთან ურთიერთობა საჭიროდ აღარ ჩავთვალეთ“- ამბობს “მადლი ღვთისას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი.
თუმცა, აღნიშნულ გამომცემლობასთან ლევან რატიანი აცხადებს, რომ მან საერთოდ არ იცის, რა პრეპარატია “მადლი ღვთისა”. მაგრამ ადასტურებს, რომ ამ “რელიგიური” კვებითი დანამატის შემქმნელებს მართლაც შეხვდა.
“მართალია, “მადლი ღვთისას” შემქმნელებს შევხვდი, მაგრამ ეს პრეპარატი თუ კვებითი დანამატი არ დამილევია, საერთოდ არ ვიცი, რა არის ეს “მადლი ღვთისა” – ამბობს ლევან რატიანი.
შეგახსენებთ, ერთ-ერთ სააფთიაქო ქსელში გამოჩნდა პრეპარატი “მადლი ღვთისა”, რომლის ანოტაციაში წერია, რომ ეს Covid-19-ის სამკურნალოდ გამოიყენება.