ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვინმეს, რომ ემარჩიელა, 2021 წლის შემოსვლას მიულოცავ შენს მკითხველსა და მეგობრებსო, სულელად ჩავთვლიდი” – გელა ჩარკვიანი

მწერალი, გელა ჩარკვიანი სოციალური ქსელის საშუალებით ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

ჩარკვიანი საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ამბობს, – ვინმეს, რომ მისთვის “ემარჩიელა” თუ როგორ მიულოცავდა ის 2021 წლის დადგომას მეგობრებსა და მკითხველს, სულელად ჩათვლიდა.

“მეტრონომი” მწერლის “ფეისბუქ” მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.

„არადა აგერ შემოდის ეს ახალი წელი და მეც აქ ვარ. კომპიუტერს ვუზივარ და მის კლავიატურაზე ვეჭიდები ჩვენი საოცარი დედაენის გრამატიკასა და ლექსიკას, იმისათვის, რომ ტექსტი გავმართო. ადრეც მითქვამს, ამქვეყნად ისეთი არაფერია, რაც ჩვენს იდუმალებით აღსავსე სამყაროში არ შეიძლება მოხდეს.

ასევე არ წარმომედგინა, რომ ცხოვრებაში ჭირიანობას მოვესწრებოდი, რომ უხილავი ავსული შუა საუკუნეებში დაგვაბრუნებდა და ამდენ უბედურებას მოუტანდა კაცობრიობას. გულწრფელად ვიზიარებ ყოველი იმ ადამიანის დარდსა და ვარამს, ვინც საყვარელი არსება დაჰკარგა.

ჩვენ, რომლებიც ახალი წლის შემოსვლას ცოცხლები ვხვდებით, ძნელი თვეების გამოვლა მოგვიხდა. ჭირმა ძირეულად შეცვალა ჩვენი ჩვეული ცხოვრების წესი, ბოროტად დაგვაშორა ერთმანეთს, გააუქმა კოცნა, ჩამოსართმევად გაშლილი ხელისგულები მუშტებად აქცია და შინ დაგვაგდო. STAY HOME!

არ ვიცი როგორ ეგუებოდნენ მარტოობას მეგობრებისგან მოწყვეტილი ჩემი თანატოლები, მე კი წარმოვიდგინე, რომ დამაპატიმრეს გაუგებარი, კაფკასეული ბრალდებით, განუსაზღვრელი ვადით. არ ვიცოდი რა მეკეთებინა. ჩემს ძველ სიყვარულს, ფილოსოფიას დავუბრუნდი. ძალა მოვიკრიბე და შევეცადე ახლა მაინც შემეღწია იქ, სადაც ინახება სამყაროს საიდუმლო. ვერა, ვერ შეხვალ. კარი საიმედოდაა ჩარაზული. კერბეროსიც ადგილზეა, მეტისმეტად ურჩ ცნობისმოყვარეებს რომ გაჰკრას შხამიანი ეშვი.

შევეშვი დაუძლეველ ამოცანებთან ჭიდილს და თავი უფრო მარტივი, ადამიანური ამბებით შევიქციე. გადავწყვიტე აღმედგინა ჩემი ცხოვრების მდინარება დაბადებიდან დღემდე. გავიხსენე ყველაფერი, ყველა ეპიზოდი და მათში მონაწილენი… და აი საოცრება! ახლებურად, სხვა კუთხით, დავინახე საკუთარი თავი. ამგვარი ძვრა იქნებ სხვებმაც გამოსცადეს. კინაღამ წამომცდა, ზოგი ჭირი მარგებელია-მეთქი. არა, არ მინდა. ჭირს ვერაფერს მოვუწონებ და გაქრობის მეტს ვერაფერს ვუსურვებ.

მჯერა, რომ არნახული ცოდნით შეიარაღებული დღევანდელ კაცთა მოდგმა სძლევს ჟამიანობას და დაგვიბრუნებს უწინდელი ცხოვრების ხალისს. ეს სწორედ იმ 2021 წელს მოხდება, რომლის შემოსვლასაც გილოცავთ ამ გზავნილით“, – წერს ჩარკვიანი.

 

იტვირთბა....