პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, დავით სერგეენკოს განცხადებით, რამდენადაც ჰუმანური აქტია ამნისტია, იმდენად გათვლილი უნდა იყოს ყველა რისკი, რომ საზოგადოებას მეტი საფრთხე არ მიადგეს. პროფესიონალებისა და საზოგადოების ფართო ჩართულობა სწორ გზას მოგვცემს, რომ ოქროს შუალედი ვნახოთ.
როგორც სერგეენკომ აღნიშნა, წინასწარი დათქმაა, რომ ამნისტია არ შეეხება ძალადობრივ დანაშაულსა და ოჯახში ძალადობას.
„წინასწარი დათქმაა, რომ ამნისტია არ შეეხება ძალადობრივ დანაშაულსა და ოჯახში ძალადობას. თუ ვინმეს არგუმენტი აქვს ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით, რომ ამნისტია უნდა შეეხოს, რადგან ემოციურ ნიადაგზე ხდება, სიცოცხლის მოსპობაც ემოციურ ნიადაგზე ხდება. არ მინდა, ჩემი საბოლოო ვერდიქტი გამოვიტანო, მაგრამ მსჯელობა იქნება.
ამნისტია რა დანაშაულებს მოიცავს, ამაზე ფართო საზოგადოებრივი მსჯელობა უნდა იყოს, მაგრამ მეორე მხრივ, პროცესში პროფესიონალები უნდა იყვნენ ჩართულები, რომ არ მოხდეს ჰუმანური მოსაზრების ქვეშ გამოუსწორებელი შეცდომის დაშვება. ეს იქნება სტუდენტებთან თუ ოჯახურ დანაშაულთან დაკავშირებული. გადაწყვეტილებები ემოციურ ფონზე არ უნდა მივიღოთ და საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს საზოგადოებას. რამდენადაც ჰუმანური აქტია ამნისტია, იმდენადაც გათვლილი უნდა იყოს ყველა რისკი, რომ საზოგადოებას მეტი საფრთხე არ მიადგეს. პროფესიონალებისა და საზოგადოების ფართო ჩართულობა სწორ გზას მოგვცემს, რომ ოქროს შუალედი ვნახოთ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.