ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“რატომ გვავიწყდება აჭარა, სადაც მოსახლეობის უმეტესობა მუსლიმია”?

ემუქრებათ თუ არა საფრთხე მუსულმან ლიდერებს საქართველოში?

„არ გამოვრიცხავ, რომ მუსულმანი ლიდერების წინააღმდეგ საქართველოში ტერაქტები განხორციელდეს“ – ასეთი ვარაუდი ბრიფინგზე კავკასიის საკითხების ექსპერტმა მამუკა არეშიძემ გამოთქვა. „თუ ჩვენ გარკვეულ პარალელს გავავლებთ ჩრდილოეთ კავკასიასთან და 90-იან წლებს გავიხსენებთ, როდესაც იქ სალაფიტურმა ისლამმა დაიწყო ფეხის მოკიდება, მისი მთავარი სამიზნე ადგილობრივი ტრადიციული ისლამის მიმდევარი სულიერი ლიდერები გახდნენ. 90-იანი წლების დასაწყისსა და შუა წლებში მათი მასობრივი დახოცვა დაიწყო. ისლამისტების მთავარი მტერი ტრადიციული ისლამისტები არიან. საქართველოში ტერაქტების განხორციელების შემთხვევაში, მუსულმანი ლიდერების გარდა, თავდასხმის ობიექტები შესაძლოა, უცხოური წარმომადგენლობებიც გახდნენ. ისლამური ხალიფატის მესვეურთა პოზიციის მიხედვით, ჩვენ „ხალიფატის ტერიტორიაზე ვცხოვრობთ“, სადაც, მათი აზრით, ხალიფატის წესები უნდა გავრცელდეს“ – ამბობს მამუკა არეშიძე.

როგორც იცით, პარიზის ტერაქტების შემდეგ საქართველოში ტერორიზმის საფრთხეზე უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ექსპერტების გარდა, ხელისუფლების წარმომადგენლებიც ალაპარაკდნენ. გამკაცრდა სასაზღვრო კონტროლი. 14 ნოემბრიდან მოყოლებული საქართველოში შემოსვლაზე უცხო ქვეყნის 479 მოქალაქეს ეთქვა უარი. დააკავეს ტერორისტებთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი დავით ბორჩაშვილი.

კავკასიის რეგიონში ტერორიზმის საფრთხე რომ ახლოსაა და სავსებით რეალურიც, ამას აზერბაიჯანში, ბაქოში ახლახანს მომხდარი მოვლენებიც ადასტურებს. ოფიციალური ბაქოს ცნობით, საგამოძიებო ორგანოებმა დაადგინეს, რომ ფუნდამენტალური ისლამის მიმდევრებმა მოძრაობა “მუსულმანების ერთობა” დააარსეს, „მოქმედი კონსტიტუციური წყობის დასამხობად და შარიათის კანონებით მართული რელიგიური სახელმწიფოს შესაქმნელად“. ამ ჯგუფის წევრების დასაკავებლად ბაქოში, ნარდარანში სპეცოპერაცია ჩატარდა. აზერბაიჯანის ოფიციალური ორგანოები იუწყებიან, რომ ჯგუფის წევრებმა ცეცხლი გაუხსნეს პოლიციას. საპასუხო სროლის დროს დაიღუპა ოთხი და დაიჭრა რამდენიმე მათგანი. დაღუპულია ასევე ორი პოლიციელი.

არის თუ არა მსგავსი ორგანიზაციების შექმნის საფრთხე საქართველოში? მოსალოდნელია თუ არა ქვეყნის შიგნით ტერორიზმის კერების გაჩენა? გახდებიან თუ არა ტრადიციული ისლამის მიმდევრები ტერორისტების სამიზნეები? ამ და ტერორიზმთან დაკავშირებულ სხვა საფრთხეებზე „მეტრონომი“ სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტის ტერორიზმისა და პოლიტიკური ძალადობის ცენტრის ხელმძღვანელს, ბადრი ნაჭყებიას ესაუბრა.

„მეტრონომი“: გამოითქვა მოსაზრება, რომ საქართველოში ტერორისტების სამიზნე პირველ რიგში შესაძლოა ტრადიციული ისლამის მიმდევარი მუსლიმი ლიდერები აღმოჩდნენ. თქვენი აზრით, არსებობს თუ არა მართლა ასეთი საფრთხე?

ბადრი ნაჭყებია: რა თქმა უნდა. დღეს ფრონტის წინა ხაზი თეოლოგიურ დისკუსიებზე გადის. საქმე ისაა, რომ რადიკალი მუსლიმები ახერხებენ მუსლიმების წმინდა წერილების არასწორ ინტერპრეტაციას. პირველ რიგში, ამას მთელი მსოფლიოს მასშტაბით მუსულმანმა თეოლოგებმა და რელიგიურმა მოღვაწეებმა უნდა გასცენ პასუხი და სცემენ კიდეც. აქედან გამომდინარე, ეს იდეოლოგიური ბრძოლა დამთავრებული არ არის და რასაკვირველია ამ ბრძოლაში გამარჯვებული მოიპოვებს ძალას იმ ხალხზე, რომელიც ამ ვეებერთელა მაჰმადიანურ თემში შედის. სამწუხაროა, მაგრამ „ისლამური სახელმწიფოს“ და არამარტო მისი, პროპაგანდისტული მუშაობა თავის მიზანს აღწევს.

– ტრადიციული ისლამის მიმდევრები როგორც საქართველოში, ისე მთელს მსოფლიოში ემიჯნებიან  ტერორიზმს და გმობენ მას. თუმცა ტერორისტული აქტები, მაგალითად, შტატებსა და საფრანგეთში არ ყოფილა მიმართული კონკრეტულად ტრადიული ისლამის წარმომადგენლების წინააღმდეგ.

– რასაკვირველია, ტერორისტების სამიზნე ყოველთვის საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტია. ძალიან ხშირად, ტერორისტები ებრძვიან ისეთ ხალხს, რომელთაც მათთან არავითარი კავშირი არ აქვთ. მათი მთავარი პოსტულატია, რაც შეიძლება მეტი მოწინააღმდეგე გაანადგურონ, რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენონ საზოგადოებას და ქაოსი გამოიწვიონ. ამ შემთხვევაში, არ გამოვრიცხავ, რომ ძირითადი დარტყმა იმ ხალხზე მოვიდეს, ვინც ამ რადიკალური ისლამური თეორიის გავრცელებას არ ეგუება და მათ /რადიკალ ისლამისტებს/ ასევე თეორიულად, წიგნების და რელიგიური დოგმების ნორმალური ინტერპრეტაციით ყველაზე სერიოზულ ზიანს აყენებენ. აი, ამის ეშინიათ მათ. ეს მარტო ჩემი აზრი კი არ არის. მოდით, ყველაზე დიდი მუსლიმური ქვეყნის /ეგვიპტის/ პრეზიდენტის, აბდულა ალ-სისის მაგალითს მოვიყვან – ის იმამებს მოუწოდებს გამონახონ ძალა და შესაძლებლობა, რომ მილიარდზე მეტი მაჰმადიანისთვის შეიმუშაონ ახალი დოქტრინა, რომლის მიხედვითაც ისინი ჰარმონიულად და მშვიდობიანად იცხოვრებენ  მთელს მსოფლიოში.

– ოფიციალური ბაქოს ცნობით, ახლახანს აზერბაიჯანის დედაქალაქში ფუნდამენტალისტი მუსილმების ჯგუფის წევრები დააკავეს, იყო მსხვერპლიც – მოკლეს ამ ჯგუფის 4 წევრი. არსებობს თუ არა მსგავს ორგანიზაციების ჩამოყალიბების საფრთხე საქართველოში?

– რასაკვირველია. ჩვენთან რამდენიმე /მუსლიმური/ თემია. თუმცა საზოგადოება და მასმედია დიდ შეცდომას უშვებს, როცა მთავარ აქცენტს რატომღაც პანკისის ხეობაზე აკეთებს. მაგრამ, ნუ დაგვავიწყდება, რომ პანკისის ხეობაში მოსახლეობა სულ რაღაც 12 ათასია – სამი სოფელი. ამ დროს გვავიწყდება აჭარა, სადაც მოსახლეობის უმეტესობა მუსლიმია და რადიკალური ისლამის წარმომადგენლები სწორედ იქ ეძებენ დასაყრდენს.

– სალაფიტებიც არიან აჭარელ მუსლიმებს შორის?

– ვერ გეტყვით, არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია, მაგრამ ალბათ იქნებიან სალაფიტებიც და ვაჰაბიტებიც. ბოლო მიმართვამ /იგულისხმება მუქარის შემცველი ვიდეომიმართვა/ გვიჩვენა, რომ მათ შორის /აჭარელ მუსლიმებს შორის/ არის ის ხალხი, ვინც უკვე მოხვდა მათ /ტერორისტების/მახეში და საქართველოში მათი პროპაგანდის ერთ-ერთი სერიოზული გამტარებლები არიან.

– ანუ რეალურად არსებობს საფრთხე, რომ ტერორიზმის კერები ქვეყნის შიგნით გაჩნდეს?

– რასაკვირველია, ეს საქმე უკვე დაწყებულია. ჩვენ, საზოგადოება, პირველ რიგში გვერდში უნდა ამოვუდგეთ ტრადიციული ისლამის მიმდევრებს – მათ თეოლოგებს და რელიგიურ მოღვაწეებს, რომლებიც ისეთ ტრადიციულ, მშვიდობიან რელიგიას ქადაგებენ,  როგორიც ისლამია. მათ ყველანაირად უნდა შევუწყოთ ხელი. ასევე, ჩემი აზრით, პოლიტოლოგებმა და ექსპერტებმა თავი უნდა შეიკავონ მკვეთრი განცხადებებისგან, იმიტომ რომ რელიგიური თემა, განსაკუთრებით ისლამთან დაკავშირებული, ძალიან ფაქიზია და უმჯობესია, რომ ერთმორწმუნე ადამიანმა გასცეს მათ პასუხი, ვიდრე სხვა აღმსარებლობის წარმომადგენელმა. რადგან ამ შემთხვევაში შეცდომის დაშვება ძალიან ადვილია – ძალიან კარგად უნდა იცოდე ყურანი, სუნა, ისლამური დოგმები და ასე შემდეგ. ამიტომ ჯობს, რომ ერთმორწმუნე თეოლოგიური სკოლის წარმომადგენელმა გასცეს პასუხი, ეს უფრო ეფექტური იქნება.

 

პ. ს. საუბრის ბოლოს ბატონმა ბადრიმ გვთხოვა გამოგვექვეყნებინა აგრეთვე მისი რეკომენდაცია საქართველოს ყველა მოქალაქისადმი, 3 თვის განმავლობაში მაინც თავი შეიკავონ ევროპის ქვეყნებში გამგზავრებისგან, რადგან იქ კვლავაც მაღალია ტერორიზმის საფრთხე. 

 

იტვირთბა....