ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

რას შეცვლის შოთაძე ერთი სკამიდან მეორეზე გადასვლით?

ანუ შეიცვლება თუ არა შედეგი თანამდებობრივი გადაადგილებებით 

დღეს, პარლამენტმა ირაკლი შოთაძეს ნდობა გამოუცხადა. შოთაძე ჟურნალისტებს  პროკურატურის ახალ ეპოქაზე და მის თვისობრივ გარდაქმნაზე ელაპარაკებოდა.  მისი განცხადებით, მთავარი საგამოძიებო ორგანო უფრო მეტად გამჭვირვალე გახდება. საინტერესოა, შოთაძის დაპირებები იმის ფონზე, როცა წლების განმავლობაში გენერალური პროკურორის გიორგი ბადაშვილის მოადგილე იყო, ანუ ის გვპირდება იმ უწყების რეფორმას, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელიც თავად იყო. უფრო მეტიც, იგი, ფაქტობრივად იყო ბადაშვილის მარჯვენა ხელი თითქმის ყველა გახმაურებულ პროცეზე, რომელზეც “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს ჯერ კიდევ, არჩევნებამდე გახმაურებული საქმეები ვერ დაუმტკიცდა.

გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე ცვლილებებსა და ახალ პროკურორზე “მეტრონომს“ ადვოკატი და პარლამენტის წევრი შალვა შავგულიძე ესაუბრა. შავგულიძე გარდაქმნილ, ტრანსფარენტულ პროკურატურას შოთაძით სათავეში არ ელის. მისი თქმით, ბადაშვილიც და შოთაძეს ფარცხალაძის გუნდის წევრები არიან.

შეგახსენებთ, რომ ოთარ ფარცხალაძე გენერალურ პროკურორად 2012 წელს მუშაობდა. თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ მედიაში გაავრცელა ინფორმაცია, ფარცხალაძის ნასამართლეობის შესახებ.  საქმე ეხებოდა გერმანიაში მომხდარ ინციდენტს. ფარცხალაძემ მალევე დაადასტურა ნასამართლეობის საკითხი და თანამადებობა დატოვა.

„ნაციონალური მოძრაობა“ ფარცხალაძის წასვლის შემდეგაც მუდმივად აცხადებდა, რომ რეალურად, საქართველოს პროკურატურას კვლავ ფარცხალაძე განაგებდა.

„კანონი, რა კანონიც მიიღო საპარლამენტო უმრავლესობამ პროკურატურის შესახებ არ ახდენს პროკურატურის სისტემის დეპოლიტიზაციას. ანუ პროკურატურას ტოვებს მმართველი ძალის სრული კონტროლის ქვეშ. ასეთ შემთხვევაში დანაპირები, რომ პროკურატურა გახდება დამოუკიდებელი, ვერ იქნება შესრულებული. ვინაიდან, პროკურატურა ამ კანონმდბლობის პირობებში, სრულად ექვემდებარება მმართველ ძალას, ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას“. – აცხადებს იურისტი შალვა შავგულიძე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გენერალური პროკურორის კანდიდატურის შეფასებისას არ დაიშურა საქებარი სიტყვები და დაგვპირდა, რომ შოთაძე საუკეთესო პროკურორი იქნება, ვინც კი აქამდე ქვეყანას ჰყოლია.

შავგულიძე შოთაძის პიროვნების შეფასებისგან თავის იკავებს, თუმცა აფასებს იმ საქმეებს, სადაც სახელმწიფო ბრალდება “არ ყოფილა მოწოდების სიმაღლეზე”. ადვოკატი გიგი უგულავას საქმესა და ე.წ „კაბელების საქმეს“ ასახელებს.  მისი თქმით, ამ უკანასკნელზე (კაბელების საქმე) სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძვლები არ არსებობს დ პროკურატურა ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთას.

გენერალურ პროკურატურაში შეიქმნა სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც უზრუნველყოფს „სამართლიანობის აღდგენის“ პროცესს. ამ ფართო, საკამათო ცნების მიღმა იგულისხმება წინა ხელისუფლების დროს ადამიანებისთვის ჩამორთმეული ქონების დაბრუნება.

შავგულიძის განცხადებით, აშკარაა, რომ აღნიშნული დეპარტამენტი პოპულისტური მიზნით შეიქმნა, რადგან საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ერთ-ორი საქმის შესახებ, სადაც ადამიანებს დაუბრუნეს ჩამორთმეული ქონება. რა პრინციპით იხელმძღვანელა ამ დეპარტამენტმა, რა კრიტერიუმებით შეირჩა ეს ხალხი, ქონების დაბრუნების შემთხვევაში უცნობია.

„მეტრონომს“ ადვოკატი ზაზა ბიბილაშვილი ესაუბრა. ბიბილაშვილიც არ ელის  ძირეულ ცვლილებებს გენერალურ პროკურატურაში.

„მთავარი პრობლემა პროკურატურაში იყო მისი პოლიტიზირება. იმის მაგივრად რომ მომხდარიყო პროკურატურის დეპოლიტიზირება, მოხდა მისი ზეპოლიტიზირება. ასეთი პოლიტიზირებული პროკურატურა წინა ხელისუფლების დროსაც არ ყოფილა“ – აცხადებს ბიბილაშვილი.

ადვოკატი უარყოფითად აფასებს ბოლო წლებში გენერალურ პროკურატურაში განხორციელებულ საკადრო რეფორმებსაც. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს პროკურორების კვალიფიკაცია ამაღლდა. ამ ხელისუფლებამ ბევრი გამოცდილი პროკურორი გაათავისუფლა და შევარდნაძის პერიოდში მომუშავე კადრებით ჩაანაცვლა.

წულუკიანის  განცხადებების კომენტირებისას, ბიბილაშვილმა შემდეგი განუცხადა „მეტრონომს“.

„წულუკიანი არის ყველაზე სამარცხვინო იუსტიციის მინისტრი, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოს ჰყოლია ბოლო 25 წლის მანძილზე.“

ირაკლი შოთაძეს პარლამენტმა ნდობა დღეს გამოუცხადა და ის 6 წლის ვადით საქართველოს გენერალური პროკურორი გახდა. შეძლებს თუ არა პოლიტიზირებულ სტრუქრურაში „ახალი ეპოქის“ დაწყებას პროკურორი შოთაძე, ამას მომდევლო 6 წელი გვაჩვენებს. თუმცა ერთი ფაქტია, ერთსა და იმავე უწყებაში, ერთი და იმავე პიროვნების, კვალიფიკაციისა თუ მის მიერ გაკეთებული საქმეების ფონზე, თანამდებობრივი გადაადგილებებით შედეგი შეიცვლება თუ არა საქართველოს მოსახლეობამ უნდა შეაფასოს, მოსახლეობამ, რომელმაც 4 წლის წინ, არსებულ ხელისუფლებას ძალაუფლება მიანიჭა.

მარიამ ვარადაშვილი

იტვირთბა....