პიროტექნიკით დაშავების შემთხვევები უკვე ფიქსირდება – ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კლინიკას ათზე მეტმა პაციენტმა მიმართა. მათ შორის არიან როგორც ბავშვები, ისე მოზრდილები.
„პიროტექნიკით დაშავების რამდენიმე შემთხვევა უკვე გვქონდა. რამდენიმე შემთხვევაა მოზრდილის, რამდენიმე ბავშვის. ძირითადად მტევნის დაზიანებებით. ძირითადად იყო მარჯვენა მტევნის დაზიანებებით, რამდენიმე შემთხვევა იყო სახის დაზიანებით. დაახლოებით ათზე მეტი შემთხვევაა წინასაახალწლოდ. აქედან ნახევარი, 50 პროცენტი ბავშვი იყო, 50 პროცენტი მოზრდილი. ყველა მათგანი ამბულატორიული შემთხვევა იყო, ანუ კლინიკაში დაწოლა არც ერთს არ დაჭირვებია. დეკემბერში მოხდა, დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.
გუგა ქაშიბაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, პიროტექნიკის გამოყენებისას უსაფრთხოების ელემენტარული წესები მაინც დაიცვან.
„ამის შესახებ ჩემი რეკომენდაცია არის ძალიან მკაცრი, რადგან ეს არ არის უბედური შემთხვევა, ეს არის ტრავმა, რომლის თავიდან აცილება თავისუფლად შეიძლებოდა.
თუ მაინც და მაინც გვინდა აფეთქება, უსაფრთხოების ელემენტარული წესები მაინც უნდა დავიცვათ. ძალიან ბევრ პეტარდას საერთოდ არ აწერია ინსტრუქცია, როგორ უნდა მოვიქცეთ, ან ისეთ ენაზე აწერია, რომლის წაკითხვაც რთულია.
ჩემი რჩევაა, რომ რაც შეიძლება ფრთხილად იყვნენ, მით უმეტეს ბავშვები არ მიაკარონ ასაფეთქებელს. ეს არ არის საახალწლო საჩუქარი და სათამაშო, ეს არის საკმაოდ სერიოზული დენთის შემცველი ასაფეთქებელი, რომლის არასწორად გამოყენებამ, საკმაოდ სერიოზული ზიანი შეიძლება მოიტანოს. არც ერთი დაკარგული თითი არ ღირს არაფრად“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.