გამოძიება ამ წუთებში მუშაობს ინფორმაციაზე, ჰქონდა თუ არა ნამდვილი იარაღი 213-ე საბავშვო ბაღში შესულ ერთ-ერთი ბავშვის მშობელს. დიდ დიღომში მდებარე საბავშვო ბაღის დირექტორი ვერ აკონკრეტებს მშობელს ნამდვილი იარაღით იყო თუ სათამაშო.
როგორც “ინტერპრესნიუსს”, 213-ე ბაღის დირექტორმა, ნანა ბედელაშვილმა განუცხადა, ამას გამოძიება დაადგენს.
დირექტორის ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, დაახლოებით 17:00 საათზე მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთი ბავშვის მამა საბავშვო ბაღში იარაღით მივიდა.
“ჯერჯერობით უცნობია, ნამდვილი იყო თუ არა ეს იარაღი. მამაკაცი მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც იარაღი ამოიღო”, – განაცხადა ნანა ბედელაშვილმა.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ბავშვის მამამ იარაღი შვილს მისცა და მოუწოდა, ვინც არ მოსწონდა, მისთვის ესროლა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. როგორც ბაღის დირექტორმა განაცხადა, მან ეს ინფორმაცია ბაღების სააგენტოს შეატყობინა და დღეს დილიდან საბავშვო ბაღში სამართალდამცველები მუშაობენ.
ამ დროისათვის 213-ე ბაღში იმყოფებიან როგორც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ასევე საგამოძიებო ჯგუფი, რომლებიც საგამოძიებო ღონისძიებებს ახორციელებენ. აღნიშნულის მიუხედავად სწავლის პროცესი არ შეჩერებულა.