რუსთავში დაღუპული 17 წლის მოზარდის ოჯახს გარდაცვალების ოფიციალური ვერსიის არ სჯერა და მოზარდს განზრახ დაეჯახნენ. მეტიც, გარდაცვლილის ბიძა, რომელიც ფაქტის ერთადერთი თვითმხილველია, მომხდარის დეტალებს მალავს. ის გამოძიებასა და არასრულწლოვანის ოჯახის ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას აწვდის. გარდაცვლილის ოჯახის წევრები მკვლელობის სავარაუდო მოტივად შურისძიებას ასახელებენ და დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ.
ცნობისათვის, 21 დეკემბერს ცოტნე აღდგომელაძე ბიძასთან ერთად სოფლის ცენტრში მდებარე მაღაზიაში შევიდა, რა დროსაც ერთ-ერთ ადგილობრივთან მათ სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდათ. მას შემდეგ, რაც სიტუაცია დაიძაბა ბიძამ ურჩია მას, რომ მაღაზიის მიმდებარე ტერიტორია დაეტოვებინა. სწორად ამ მიზნით მოზარდი კუთვნილი მოპედით წავიდა, არსებული ინფორმაციით, კონფლიქტში მონაწილე პირი მას ავტომანქანით , კომენდანტის საათის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, დაეჯახა.
გამოძიება დაწყებულია 276-ე და 128-ე მუხლით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევასა და დაშავებულის განსაცდელში მიტოვებას.