ახალი ამბები მთავარი სამართალი

პროფკავშირები: სასამართლომ გააუქმა ექიმის უკანონოდ გათავისუფლების ბრძანება, „ევექსის ჰოსპიტლებს“ კი დააკისრა სოლიდური კომპენსაციის გადახდა

პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გააუქმა უკანონოდ გათავისუფლებული ექიმის, ნანა რურუას სამსახურიდან გაშვების ბრძანება და სს „ევექსის ჰოსპიტლებს“ (იგივე იაშვილის საავადმყოფოს) დააკისრა სოლიდური კომპენსაციის გადახდა.

GTUC-ს ცნობით, ექიმის გათავისუფლების მიზეზი, 2017 წლის 1-ელ დეკემბერს, დასაქმებულთა უფლებების შელახვის გაპროტესტება გახდა.

„ნანა რურუა 2004 წლიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოში პირველად გაიხსნა ბავშვთა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისი, მუშაობდა შპს „მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში”, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ექიმის პოზიციაზე, უვადო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.

ის, მისი მაღალი კვალიფიკაციიდან და უნარ-ჩვევებიდან გამომდინარე, იყო საქართველოში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის ერთ-ერთი პირველი დამფუძნებელი, რომლის ხელშიც არაერთმა ექიმმა გაიარა გადამზადება. აღსანიშნავია, რომ შპს „მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში” გადაუდებელი სამედიცინო დამხარების ექიმის პოზიციაზე მუშაობის პარალელურად, ამავე დაწესებულებაში, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას, ჰყავდა არაერთი რეზიდენტი;

2017 წლის ნოემბრის თვის ბოლოს საავადმყოფოში დაიწყო სამედიცინო პერსონალისთვის ღირსების შემლახავი, დამამცირებელი პროცესები. თანამშრომლებში ვრცელდებოდა ინფორმაცია ე.წ. „გასათავისუფლებელ პირთა სიების“ შესახებ. სამედიცინო პერსონალისთვის მუშაობა ნერვიულობის, აღელვების და მსგავს დამამცირებელ მდგომარეობაში ყოფნის პირობებში განსაკუთრებით გართულდა.

ამ გარემოებების გამო, ისევე როგორც ყოველთვის, როდესაც დასაქმებულების უფლებების შელახვაზე იყო საუბარი, ნანა რურუამ გამოხატა უკმაყოფილება და არაერთხელ მოუწოდა მმართველ რგოლს, პაციენტების ინტერესებიდან გამომდინარე, (რომ არაფერი ვთქვათ სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული პირების უფლებებზე), გამოესწორებინათ მდგომარეობა და არ ჩაეყენებინათ პერსონალი არსებულ გაურკვეველ და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში.

სწორედ ამის გამო, რომ ნანა რურუამ გააპროტესტა დასაქმებულთა უფლებების შელახვა, გააჟღერა, რომ სამედიცინო დაწესებულებაში მსგავსი დამოკიდებულება მის პერსონალთან იყო არასწორი და ამავდროულად ეს პირდაპირ შეიძლება დაკავშირებულიყო პაციენტის უფლებების შელახვასთან, 2017 წლის 1 დეკემბერს გაათავისუფლეს სამსახურიდან“, – აცხადებენ პროფკავშირებში და დასძენენ, რომ ექიმის ინტერესებს სასამართლოში პროფკავშირების გაერთიანების იურისტი, თამარ სურმავა იცავს.

იტვირთბა....