ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ცნობილია ადამიანთა ჯგუფები, რომელთა ვაქცინაციაც პირველი მოხდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, უკვე იდენტიფიცირებულა ის რისკ-ჯგუფები, რომლებიც კორონავირუსის ვაქცინით პირველები აიცრებიან. ამის შესახებ გამყრელიძემ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ აღნიშნა.

გამყრელიძის თქმით, ვაქცინის დანერგვის გეგმაზე მუშაობა ბოლო ეტაპზეა.

“დღეს და ხვალ უკვე მთავრდება ვაქცინის დანერგვის გეგმაზე მუშაობა, რომელსაც 8 მიმართულება აქვს. უკვე იდენტიფიცირებულია პირველი რისკ-ჯგუფები, რომლებიც პირველები აიცრებიან ქვეყანაში. პირველები იქნებიან ჩემი კოლეგები, სამედიცინო პერსონალი და ასევე მოხუცთა სახლებში მყოფი ადამიანები. ამას მოჰყვება 75 წელს ზემოთ მყოფი მოსახლეობა, 65 წელს ზემოთ, 55 წელს ზემოთ სხვადასხვა თანმხლები დაავადებების მქონე მოსახლეობა და ასე შემდეგ. საქართველოს აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომ სხვადასხვა ტიპის ვაქცინები მიიღოს“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ვაქცინა საქართველოში, სავარაუდოდ, მარტში ან აპრილში შემოვა. მთავრობას შეკვეთა უკვე გაფორმებული აქვს და წინასწარ  4,5 მილიონი დოლარიც უკვე გადაუხადა. ამასთან, თავდაპირველად ქვეყანაში ვაქცინა 700 000 მოქალაქისთვის შემოვა, პირველ ეტაპზე კი რისკჯგუფების წარმმადგენლების ვაქცინაცია მოხდება.

იტვირთბა....