ახალი ამბები ბლოგები საზოგადოება

წარმატება

არც ისე შორეულ წარსულში, საშუალო სტატისტიკური ქართველისთვის, სიტყვა “წარმატება” ისეთივე არსებითი სახელი იყო, სიტყვა “წარმატებული” კი ისეთივე ზედსართავი, როგორც მრავალი სხვა და მათ, განსხვავებით დღევანდელობისგან, ტერმინის მსგავსი სპეციფიკური დატვირთვა არ ჰქონდათ. ადამიანს  წარმატებისთვის მრავალი მიმართულებით შეეძლო მიეღწია, თუმცა ის ყოველთვის რაღაც კონკრეტულთან ასოცირდებოდა. წარმატების მიღწევა მხოლოდ კონკრეტულ სფეროში მიღწეულ კონკრეტულ შედეგს ნიშნავდა და “გისურვებ წარმატებას!” სურვილიც მხოლოდ კონკრეტულ, ახლო თუ შორეულ მომავალში დასახულ ამა თუ იმ სახის ღონისძიებაში სასურველი წარმატებისთვის მიღწევის სურვილს გულისხმობდა. თუმცა დასავლურმა, უფრო კონკრეტულად კი ინგლისურმა,   სიტყვაზე უფრო მეტმა სიტყვამ – Success, წარმატებაზე  ჩვეული  წარმოდგენა და მისდამი ჩვენი ჩვეული მიდგომა თავდაყირა  თუ  არ  დააყენა,  ნებისმიერ შემთხვევაში  შეცვალა.

დღეს “წარმატებამ” თითქოს დაკარგა კონკრეტიკა და უფრო ზოგად, ერთგვარ საკლასიფიკაციო ტერმინად იქცა, თუმცა იმავდროულად და ზუსტად მისი საკლასიფიკაციო თვისებიდან გამომდინარე, კიდევ უფრო მეტი კონკრეტიკა შეიძინა… ასე ვთქვათ ზოგადი დააკონკრეტა და კონკრეტული განაზოგადა. ანუ, ძალიან რომ არ გავართულოთ, მოკლედ ასე ითქმის: კონკრეტულ სფეროში მიღწეული წარმატების წარმატებულობა მხოლოდ მისგან მიღებული  ზოგადი  სარგებელით  განსაზღვრა… კიდევ უფრო მოკლედ კი ასე:  ფინანსურ-მატერიალური უზრუნველყოფა = წარმატება.
წარმატების ასეთი ინტერპრეტაციის მიხედვით და თანახმად ის ყოველთვის საბაზრო მოთხოვნილებასთან არის მჭიდრო კავშირში და ესეიგი, ადამიანის წარმატება-წარუმატებლობასაც ბაზარი განსაზღვრავს. დამაფიქრებელი კი ის არის, რომ ამ ლოგიკით მსოფლიო ისტორიის ძალიან ბევრი და თვალსაჩინო წარმომადგენელი, გამომდინარე მათი, რბილად რომ ვთქვათ არასახარბიელო მატერიალური მდგომარეობისა, თავისუფლად შეგვიძლია წარუმატებელ ადამიანთა რიცხვს მივაკუთვნოთ. რაც ბევრისთვის შეიძლება გაუგებარი და ერთგვარი შინაგანი კონფლიქტის გამომწვევიც იყოს… ნუ, არ მოუბრუნდება თანამედროვე და ასე თუ ისე განათლებულ ადამიანს ენა წარუმატებელი უწოდოს ისეთ სახეებს, როგორებიც იყვნენ ვან გოგი, შუბერტი, ოსკარ უაილდი, ედგარ პო და ა.შ.

წარმატებას, როგორც მოვლენას, თავის თავში ასეთად ნაგულისხმები და ასეთად განსაზღვრული ობიექტური მნიშვნელობა არც არასდროს ჰქონია (ყოველ შემთხვევაში ჩვენ თავებში) და ის ყოველთვის გარშემომყოფთა სუბიექტურ შეფასებაზე იყო დამოკიდებული, თუმცა ჩვენს შემთხვევაში მან უკვე როგორც ცნებამაც დაკარგა თავისი თავდაპირველობა, განიცადა რა სემანტიკური ხასიათის ისეთი ცვლილება, სადაც ის თავისი არსისგან განსხვავებულ მნიშვნელობას გამოხატავს და სიტყვის ტირაჟირებასაც სულ სხვა აზრობრივი მიმართულებით ახდენს. უფრო მარტივად და გასაგებად რომ ვთქვა – დღეს წარმატებად მოიხსენიებენ იმას, რაც შეიძლება არ ეწინააღმდეგება ამ ცნების არსს, თუმცა არც სრულ თანხმობაშია მასთან. მაგალითისთვის – მე თუ დღეს წარმატებით შევქმენი მფრინავი ხალიჩა, ქალაქს წარმატებით შემოვუფრინე და მიწაზეც ასევე წარმატებით დავეშვი, ჩემი ასეთი  და სავსებით ობიექტური წარმატების მიუხედავად წარმატებულად ვერ ჩავითვლები იქამდე, სანამ ჩემი ქმნილება ჩემს პირად მატერიალურ კეთილდღეობაში არ გარდაისახება. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ჩემმა გამოგონებამ, ჩემმა და ჩემთვის წარმატებამ, გარშემომყოფთა მცირე სუბიექტური ინტერესი გამოიწვია, ან სულ არ გამოიწვია, მაშინ მე წარუმატებელი ვარ(?). ანუ გამოდის რომ ჩემი ის წარმატება, რომელიც სახეზეა და ეჭვს არ იწვევს, წარმატებად მანამდე არ ჩაითვლება, სანამ ის ჩემს თანამედროვეებზე, და შესაბამისად ბაზარზეც, შთაბეჭდილებას არ მოახდენს. ის რომ ჩემი ნაშრომი უდავოდ წარმატებულია გამოდის არაფერს არ ნიშნავს იქამდე, სანამ ის ჩემს მატერიალურ მდგომარეობაზე არ აისახება… გამოდის რომ მე, ვინც წარმატებით დავასრულე ჩემს ქმნილებაზე მუშაობა და წარმატებით ავამუშავე ის, იქამდე არ მექნება უფლება ამ სამუშაოს და შესაბამისად საკუთარ თავსაც წარმატებული ვუწოდო, სანამ ის ჩემს პირად კეთილდღეობაზე არ აისახება.
ნიკო ფიროსმანი – ყველაზე ცნობილი და სახელოვანი ქართველი მხატვარი. მხატვარი, რომლის ნახატებსაც მსოფლიოს ათეულობით ქალაქის საგამოფენო დარბაზები მასპინძლობს და რომელთა სააუქციონო ფასიც რეკორდულ ნიშნულებამდე აღწევს. მხატვარი, რომლის გამოსახულებაც ეროვნულ ვალიუტაზეა აღბეჭდილი… წარმატებული ადამიანი, თუ წარუმატებელი?

რა  განაპირობებს  ცალკე  აღებული  ინდივიდის  ცალკე  აღებულ  წარმატებას? არის მატერიალური კეთილდღეობის  უმთავრეს  პრიორიტეტთა  რანგში  აყვანა  და  მისი წარმატებით   განხორციელება  წარმატებებს  შორის  უპირველესი? არის  დღიდან  დღემდე, წლიდან  წლამდე  კლებადი  ბიოლოგიური  რესურსის  ფონზე მხოლოდ  მატერიალური რესურსის  ზრდაზე  ზრუნვა  ის, რასაც საბოლოო  ჯამში  განვლილი  ცხოვრებისთვის წარმატებული  ცხოვრების, საკუთარი  თავისთვის  კი  წარმატებული ადამიანის  წოდების უფლებასა  და  საშუალებას  მოგვცემს?  ეს  არის  მიზანთა   შორის უმთავრესი?

ისევე როგორც ყოველთვის და ყველა თანამედროვეობაში, ჩვენს თანამედროვეობაშიც რაც არ უნდა შექმნა, თუ ის დღევანდელობას არ ეხმაურება,  საბაზრო მოთხოვნილებებს არ აკმაყოფილებს, ქმნილებას სულ პერპეტუმობილე რომ  ერქვას, წარმატებულად მაინც ვერ ჩაითვლები, თუ წარმატებამ თავისი თავი მოტანილი მატერიალური დოვლათით არ გამოხატა. ანუ, ამ გადმოსახედიდან, ასეთი  რეალობიდან გამომდინარე, ისეთი უზარმაზარი დანიშნულებისა და მნიშვნელობის მქონე ადამიანებიც კი, როგორებიც იყვნენ დავუშვათ ჰერაკლიტე, ჯორდანო ბრუნო, მოდილიანი, იგივე ფიროსმანი და ბევრი სხვა, არათუ წარმატებულები, უბრალოდ  ხელმოცარული  “ლუზერები” იყვნენ… ის რომ დღეს მათ ასეთებად არ აღვიქვამთ (ვიღაცა ალბათ აღიქვამს კიდეც) მხოლოდ იმით არის განპირობებული, რომ კაცობრიობამ ისინი გვიან, მაგრამ მაინც თავის თვალსაჩინო წარმომადგენლებად აღიარა, ერთგვარ ქრესტომათიულ გმირებად შერაცხა, თორემ თავიანთი თანამედროვეთათვის ისინი  საზოგადოებისგან გარიყული  ისეთივე   ჩვეულებრივი უცნაური ადამიანური არსებები იყვნენ, როგორიც მილიონობით მათნაირი და წარმატების ვერანაირი, ვერც მცირე, ვერც დიდი,  მნიშვნელობის ფარგლებში  ვერ თავსდებოდნენ.  მიუხედავად ამისა  ასეთ ადამიანებში წარუმატებელი ადამიანის დანახვა ცხადია არასწორია.

ის, ვინც წარმატებასა და წარმატებას შორის სხვაობას ხედავს, ხედავს იმასაც რომ ამ ადამიანებმა დროს გაასწრეს და წარმატებას ისეთი ფორმა, ელფერი და მნიშვნელობა   მიანიჭეს,  რომელიც წლებში, საუკუნეებში არ იკარგება, არ ხუნდება  და რომელიც გაცილებით უფრო ღირებული და დროგამძლეა, ვიდრე მატერიალური დოვლათით ხაზგასმული მომენტალური კეთილდღეობა… თუმცა რასაკვირველია დღესაც არიან სკეპტიკოსები, რომელთაც გაუჭირდებათ იმის გაგება, რომ ადამიანი შეიძლება შიმშილისგან მოკვდეს,  კოცონზე დაწვან, უპოვართა საავადმყოფოში გარდაიცვალოს, კიბის ქვეშ ძაღლივით დალიოს სული და იმავდროულად  წარმატებას  ისეთი  ხმოვანება და მნიშვნელობა  შესძინოს,  რა  ხმოვანებასა  და  მნიშვნელობასაც  კონკრეტული  და  ხანმოკლე ცხოვრებებისგან  დამოუკიდებელი  იდეა იმსახურებს.

იტვირთბა....