“მმართველ პარტიაზე უარს იმიტომ არ ამბობს ხალხი, რომ იციან, ამით ხელისუფლებაში ავტომატურად ნაციონალები მოვლენ”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, რამაზ საყვარელიძე for.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.
როგორც ანალიტიკოსი მიიჩნევს, ქუჩაში მარტო დარჩენის შემთხვევაში ნაციონალები შესაძლოა, საერთოდ დაიშალონ და ლიდერების ნაწილი, რომელიც გამორჩეული პოლიტიკოსები არიან, სხვადასხვა პარტიებშიც გადანაწილდნენ.
მისივე თქმით, თუკი ნაციონალები ლოგიკით იმოქმედებენ და არა ემოციებით, მიხვდებიან, რომ პარლამენტში შესვლა მათთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ამასთან, როგოც რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, პარლამენტში “ნაციონალების” უპირატესობა მათსავე სიძლიერეს უზრუნველყოფს. თუკი ისინი ქუჩაში დარჩებიან, პატარა პარტიების პოლიტიკური წონა გაიზრდება და თუ მათ ერთმანეთთან საერთო ენაც იპოვეს და პლატფორმა შექმნეს, ეს დიდი ნაბიჯი იქნება იმისკენ, რომ მესამე პოლიტიკური პოლუსი შეიქმნას.
„დაპირისპირების მუხტიც და რაოდენობაც ნაციონალებში შესაძლოა ამ ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე ისე დაიძაბოს, რომ, როგორც პარტია, საერთოდ დაიშალოს. ვფიქრობ, ეს დიდი ტრაგედია არ იქნება, თუმცა ცუდი იმ მხრივ იქნება, რომ ბევრ მათგანს პოლიტიკურად დიდი გამოცდილება აქვს. სიმართლე გითხრათ, პატარა პარტიების აქამდე მიკვირს პარლამენტში რატომ არ შევიდნენ და როგორ ვერ ხვდებიან ქუჩაში დარჩენის შემთხვევაში მათ რა მძიმე პერსპექტივა შესაძლოა ჰქონდეთ.
უნიკალური პროპორციაა და ასეთი მანდატების და პარტიების სიმრავლე საქართველოს პარლამენტის ისტორიაში არ ყოფილა. ერთადერთი ის გათვლა შეიძლება იყოს, რომ იქნებ როგორმე რევოლუცია მოხდეს. თუმცა ვნახეთ, რომ ამ რევოლუციის იდეას მომხრე ოპოზიციის დიდი ნაწილიც არ არის. მმართველ პარტიაზე უარს იმიტომ არ ამბობს ხალხი, რომ იციან, ამით ხელისუფლებაში ავტომატურად ნაციონალები მოვლენ. ამიტომ არ უნდა ხალხს ეს ნაციონალები და უკან არ აბრუნებენ. სხვა დანარჩენი ყველა ქმედება, რაც დესტრუქციისკენ იქნება მიმართული თავად ნაციოანლებს დააზიანებს“, – აცახდებს საყვარელიძე for.ge-სთან.