ტელეწამყვანი, გოდერძი შარაშია სოციალური ქსელში ლეგენდარული ჟურნალისტის, ჯულიეტა ვაშაყმაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
ჟურნალისტი საკუთარ “ფეუსბუქ” გვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში, გარდაცვლილი ჟურანლისტის აქამდე უცნობ ისტორიას იხსენბს, რომელსაც “მეტრონომი” უცვლელად გთავაზობთ.
“მახსოვს ერთხელ ილია ჭავჭავაძეზე რეპორტაჟი უნდა მომემზადებინა, რედაქტორი ნანა ბურჭულაძე იყო, მითხრა ტექსტებს ვასწორებ, დამაგვიანდება და შედი წამყვანების ოთახში და შენი ტექსტი ჯულიეტას წააკითხეო. სანამ ოთახამდე მივიდოდი ფეხქვეშ მიწა გამომეცალა, ხმა წამერთვა, ყველაფერი გონებიდან წამეშალა სად ვიყავი, რატომ ვიყავი, რისთვის უნდა შემეღო კარი დერეფნის ბოლოში და უცებ ბიჭიკო აქეთ დაჯექი და დაიწყეო მითხრა. ის რეპორტაჟი იმ დღეს ეთერში არ გავიდა, რადგან ტექსტის წაკითხვის დასრულებისთანავე რედაქტორმა სხვა გადაღებაზე გამიშვა, მაგრამ ამ ისტორიას თუ როგორი მონდომებით ვკითხულობდი ილიაზე ტექსტს და უცებ გია ბარამიძის ჩასაწერად გამიშვებს სასწაული იუმორით ყვებოდა შემდეგ. უამრავი რამ ვისწავლე მისგან. ერთხელ რამდენიმე ფურცელი მომცა და მითხრა, ახლა შენ ეკრანთან დაჯექი და ამ ტექსტს ჩაყევი და ნახე თუ სადმე სიტყვა გამოვტოვოო, მაშინ სუფლიორი არ იყო, მართლა არცერთი სიტყვა არ გამოტოვა ისე ზეპირად ჩაიკითხა ოთხი გვერდი. მერე მე სხვა ტელევიზიაში წავედი, ის ბევრს იბრძოდა ტელევიზიაში დასაბრუნებლად. ხშირად მირეკავდა და ბევრს ვიცინოდით.
ძალიან მეწყინა მისი გარდაცვალება. მასთან უერთიერთობა იყო გაკვეთილივით, სულ რჩევებს გაძლევდა და გასწავლიდა! – ეს იყო ეპოქა!” – წერს გოდერძი შარაშია.
შეგახსენებთ, ტელეწამყვანი და ჟურნალისტი ჯულიეტა ვაშაყმაძე დღეს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.