თელავის სავადმყოფოს დირექტორი საპატრულო პოლიციის მანქანაში მოკლეს. – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “პრაიმტაიმი” წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკება თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში, სუფრასთან, სრულიად უმნიშვნელო ამბებზე დაიწყო და ქუჩაში გაგრძელდა.
ავტომანაქანაში, რომელიც თელავის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილეს, ივანე ზანდარაშვილს ეკუთვნის, ოთხი ადამიანი იმყოფებოდა. მანქანაში იჯდა თავად მფლობელიც, მის გვერდით სავარძელში, კი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი, ლევან ბერძენაშვილი იმყოფებოდა.
მანქანის უკანა სავარძელზე, გარდაცვლილი ზურა საჩიშვილი და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომელი, ბიძინა ხატიაშვილი ისხდნენ.
მცირედი შეკამათების შემდეგ, ზადარაშვილმასამსახურებრივი იარაღით, ზურა საჩიშვილს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. საავადმყოფოს დირექტორი ადგილზე გარდაიცვალა. მსუბუქად დაიჭრა, გვერდით სავარძელში მყოფი, ლევან ბერძენაშვილი, რომელმაც ზანდარაშვილისათვის ხელის შეშლა სცადა. – წერს გამოცემა წყაროზე დაყრდნობით.
ამასთან, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომხდარი ფაქტის გამო, თანამდებობებს ტოვებენ კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზურაბ ბერიკაშვილი და თელავის პოლიციის სამმართველოს უფროსი ზვიად ღვედაშვილი. ინფორმაციას, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ჯერჯერობით არ ადასტურებენ.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, კახეთის საოლქო პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები და მოწმეთა დაკითხვა მიმდინარეობს. უკვე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. ივანე ზანდარაშვილი დაკავებულია და მას ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული ვ.ზ. დღეს დააკავეს.