ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვერანაირი ისფედები და მისფედები ამას ვერ შეცვლიან” – ნათელაშვილი “სამართლიანი არჩევნების” შესახებ

“ვერანაირი „ისფედები“ და „მისფედები“ ამას ვერ შეცვლიან, ვერ დააზუსტებენ, ვერ გადახრიან და გაალამაზებენ,” – აღნიშნული განცხადება “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა დღეს მედიასთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ნათელაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტავს, ამ რეალობაზე არც ერთი მხარე არ საუბრობს.

„ამ რეალობას არც ერთი მხარე არ ამბობს და რაღაც გაუგებარი არგუმენტებით აბეზრებენ თავს საზოგადოებას. არჩევნების შედეგები იზომება ამომრჩევლების განწყობით და იზომება 3 700 უბანზე და რაც ამ უბნებზე მოხდა, ეს იყო სამოქალაქო ომი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ვერანაირი „ისფედები“ და „მისფედები“ ამას ვერ შეცვლიან, ვერ დააზუსტებენ, ვერ გადახრიან და გაალამაზებენ.

მე მთელი გულახდილობით მოგახსენებთ, რომ „ისფედის“ სახელი გავიგე პირველად ელჩებთან მოლაპარაკებების დროს, როდესაც ბატონმა, ირაკლი კობახიძემ მოითხოვა, რომ მათი დათვლილი ოქმების მიხედვით, გადაგვეწყვიტა არჩევნების ბედი და საკითხი. ჩემთვის იყო მაშინაც ეს გაუგებარი და პირდაპირ დავუფიქსირე, რომ არჩევნები გაყალბდა და ვერანაირი „ისფედი“ და მისი პროცენტული მონაცემები ამ საკითხს ვერც გააუმჯობესებს, ვერც შეცვლის, ვერც ძველებურად დატოვებს“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

ცნობისთვის, „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელმა 25 დეკემბერს პარალელური დათვლის მეთოდოლოგიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხმების პარალელური დათვლისას სერბული მოდელი გამოიყენეს, თუმცა, NDI-ის ექსპერტები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობდნენ, წერილობით არ იყვნენ ინფორმირებული ამ მოდელის შესახებ, რომელიც ბათილი ბიულეტენების დათვლასაც გულისხმობს.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ „სამართლიანმა არჩევნებმა“ 11 დეკემბერს საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის შედეგების შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ „შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა მეთოდოლოგიის სიზუსტე, თუმცა საარჩევნო სუბიექტების ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა“. კერძოდ, როგორც „სამართლიან არჩევნებში“ განაცხადეს, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დაითვალეს ბათილი ბიულეტენებიც.

ამ ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ, ორგანიზაციის პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები, ცდომილების ხარისხის გათვალისწინებით, ცესკო-ს საბოლოო შედეგებს დაემთხვა.

ინფორმაციითსვის,  „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენე ნიჟარაძემ თანამდებობა ორი დღის წინ დატოვა.

იტვირთბა....