ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“მქონდა დაძაბული ურთიერთობა! საქმე ხელჩართულ ბრძოლამდეც კი მიდიოდა-მეთქი” – რომან გოცირიძე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსლში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც ჟურანალისტებთან ურთიერთობის ისტორიებზე ჰყვება.

“მეტრონომი” რომან გოცირიძის “ფეისბუქ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

„ერთი კურიოზი ოციოდე წლის წინათ მოხდა, როცა პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსი ვიყავი და მეორე ამ დღეებში. ამან გამახენა ის.

ერთი ჟურნალისტი, რომელსაც ეზარებოდა ინტერვიუს ჩაწერა, მიგზავნიდა ხოლმე კითხვებს საფინანსო საკითხებზე და მეც პატიოსნად ვპასუხობდი. გამომიგზავნა მორიგი შეკითხვები ბიუჯეტზე, ფინანსებზე, ლარზე, გასაცოდავებულ ეკონომიკაზე. აბა რა იქნებოდა, შევარდნაძის დროა. გვენანებოდა იმ დროს საბიუჯეტო ოფისში თაბახის ფურცლების ხარჯვა და ნახმარ ქაღალდებსაც ვიყენებდით ტექსტის ამოსაბეჭდად, სუფთა მხარეს. გავეცი პასუხი საბიუჯეტო-საგადასახადო კითხვებზე, ამოვბეჭდე აკურატულად და მივართვი.

დაიბეჭდა გაზეთში სტატია მეორე დღეს. ნეტავ არ დაბეჭდილიყო. მიდის საუბარი ბიუჯეტზე, მაგრამ იქვეა პასუხები მეცხოველეობის განვითარებაზე, მსხვილფეხა რქოსანი საქონლის სულადობის კლებაზე და ცხვრების ექსპორტის პოტენციალზის ზრდაზე. მეკითხება დეფიციტი რამდენიაო, ვპასუხობ ჩლიქოსნებში კლებაზე.

თურმე ამობეჭდილი ტექსტის უკანა, გამოყენებულ მხარეს ჩვენი ოფისის ერთ-ერთი კვლევა ყოფილა დაბეჭდილი და ჟურნალისტმა ჩათვალა, რომ კითხვაზე პასუხები ორივე გვერდზე იყო მოცემული და ასეთი ფისკალურ-მეცხოველური კენტავრი გაუშვა დასაბეჭდად.

რამდენიმე დღის წინ მირეკავს უცნობი ჟურნალისტი. აინტერესებს, იყო თუ არა პარტიიდან გრიგოლ ვაშაძის წასვლა რაიმე კონფლიქტის მიზეზი. როგორ ვაფასებ ამ ამბავს და რა პრობლემები მქონდა მასთან. ვუპასუხე, რომ ბოლო წლებში მქონდა დაძაბული ურთიერთობა. საქმე ხელჩართულ ბრძოლამდეც კი მიდიოდა. ის თავისკენ მექაჩებოდა, მე ჩემკენ. ის რეალის მომხრე იყო, მე ბარსელონასი. სხვების მიმართაც ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა, რაც იწვევდა პარტიაში დაძაბულობას.

ჰო და რა დაიბეჭდა? ყველაფერი სიტყვასიტყვით, რეალისა და ბარსელონის გარდა. თურმე ლამის ხელჩართული ბრხოლა გვქონდა, რომ ძალით ვაჩერებდი არ წასულიყო, ვცდილობდი არ გამეშვა პარტიიდან და გადმომექაჩა ნათელ მხარზე. არ დამიჯერა გრიგოლმა. ის თავისი იდეების ერთგული დარჩა და წავიდა.

ახლა თქვენ შეაფასეთ, პირველი უფრო დიდი იაღლიში იყო, მეცხოველეობაზე თუ მეორე-ფეხბურთზე!“,  – წერს რომან გოცირიძე.

იტვირთბა....