სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრად ხელახლა დანიშვნა მიულოცა.
ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „არმენპრესი“ სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს.
„მიიღეთ თბილი მილოცვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე თქვენს ხელახალ დანიშვნასთან დაკავშირებით. გისურვებთ ახალ წარმატებებს ყველა წამოწყებაში მოძმე საქართველოს საკეთილდღეოდ. წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჩვენს მთავრობებსა და პირადად ჩვენ შორის შეიქმნა ჩვენს ერებს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან ისტორიულ კავშირებზე, კულტურულ და ცივილიზებულ საერთო საფუძვლებზე დამყარებული ეფექტიანი და ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის ატმოსფერო.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები მომავალშიც განვითარდება ყველა იმ მიმართულებით, რომლებიც ჩვენს საერთო ინტერესს წარმოადგენს, ჩვენი ქვეყნებისა და ერების საკეთილდღეოდ“, – ნათქვამია ფაშინიანის მისალოც გზავნილში.