ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ხელისუფლება სამოქალაქო სექტორს არაკეთილსინდისიერად უტევს” – გია ხუხაშვილი

“არჩევნებზე ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ მხრიდან უხეში შეცდომა იყო დაშვებული, რაზეც ვინმეს პასუხისმგებლობა უნდა აეღო,” – ასე შეაფასა პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა ISFED-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები.

როგორც პოლიტოლოგი გამოცემა “ინტერნეტპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნავს, ხელისუფლება ცდილობს, ეს ფაქტი მორიგი შეტევისთვის გამოიყენოს და უკვე „სამოქალაქო სექტორს ძალიან არაკეთილსინდისიერად და არაკორექტულად უტევს“.

„მიმაჩნია, რომ ნამდვილად უხეში შეცდომა იყო დაშვებული, რაზეც ბუნებრივია, ვიღაცას პასუხისმგებლობა უნდა აეღო. მე შეთქმულების თეორიას არ განვავითარებდი, თითქოს მომხდარის უკან პოლიტიკა იდგა. არ მგონია, რომ „სამართლიანი არჩევნები“ ამაში გარეული იყოს, თუმცა, ისიც მესმის, რომ ხელისუფლება ცდილობს ეს ფაქტი მორიგი შეტევისთვის გამოიყენოს, ახლა უკვე სამოქალაქო სექტორზე. ძალიან არაკეთილსინდისიერად და არაკორექტულად უტევენ. სუსტი წერტილი დაინახეს და მეთოდურად ცდილობენ, ამ არგუმენტით მოახდინონ მთლიანად სამოქალქო სექტორის დისკრედიტაცია. ფაქტია, რომ ხელისუფლება ამ ყველაფერს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. სამწუხაროდ, მათი სამიზნე არა მხოლოდ ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორიც არის იმის გათვალისწინებით, რომ სერიოზულ დისკომფორტს უქმნის იმ მმართველობით მანკიერებას, რაც დღეს საქართველოში დამკვიდრდა. ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მორალური უპირატესობა მოიპოვოს და რადგან თვითონ ვერ მიდის ამ მიმართულებით აღმავლობისკენ, ცდილობს, ყველას და ყველაფრის დისკრედიტაცია მოახდინოს. მანიპულაციისთვის იყენებს ამ საკმაოდ სერიოზულ შეცდომას“,-განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, 11 დეკემბერს „სამართლიანმა არჩევნებმა“ განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლისას, შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა მეთოდოლოგიის სიზუსტე, თუმცა საარჩევნო სუბიექტების ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა(დაითვალეს ბათილი ბიულეტენებიც).

განახლებული მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ 47.6% აქვს, რაც მანამდე 45.8%-ს შეადგენდა.

ამასთან, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ელენე ნიჟარაძე „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას აღარ იკავებს.

იტვირთბა....