პოლიციამ სამტრედიის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ბრალდებით მამაკაცი დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოსა და სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული მ.მ., ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, სამტრედიაში დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, ცივი იარაღით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა მეუღლეს – 1973 წელს დაბადებულ ე.კ.-ს და მიიმალა. დაჭრილი ქალი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მამაკაცი მომხდარიდან რამდენიმე საათში, საკუთარ სახლთან ახლოს, მიტოვებულ სახლში დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დაკავებული დანაშაულს აღიარებს,”- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.