ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ეს იყო სალომე ზურაბიშვილის მხრიდან წინდაუხედავი ნაბიჯი” – როგორ აფასებს ექსპერტი პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას

ექსპერტი, პაატა ზაქარეიშვილი „ელჩების 2020 წლის კონფერენციაზე” პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას “ინტერნეტპრესნიუსთან” საუბრისას გამოეხმაურა.

როგორც ექსპერტმა გამოცემასთან საუბრისას აღნიშნა, ზურაბიშვილი, პრაქტიკულად, კავკასიის უსაფრთხოების ფორმატში, რუსეთის მონაწილეობას დაეთანხმა.

მისივე განმარტებით,  ეს იყო სალომე ზურაბიშვილის მხრიდან წინდაუხედავი ნაბიჯი.

“მას ეს განცხადებები ადრე არ გაუკეთებია, ის უფრო ჟენევის ფორმატზე აკეთებდა ხოლმე წყალწყალა განცხადებებს, რომ საჭიროა ჟენევის ფორმატის შეცვლა, მაგრამ არაფერი არ შემოუთვაზებია გარდა ჰაერში გასროლილი სიტყვებისა. ახლაც ჰაერში გასროლილი სიტყვები იყო, როცა მხარი დაუჭირა შესუსტებული რუსეთის პოზიციების გამყარებას კავკასიაში. სწორედ ამიტომ ყოფილი ელჩების რეაქცია ამერიკიდან იყო აბსოლუტურად სამართლიანი და ზუსტი.

მეც მიმაჩნია, რომ იყო წინდაუხედავი და უადგილო ადგილზე გაკეთებული განცხადებაა. მკვდარ ფორმატს დაუჭირა მხარი, რომელიც ისედაც ვერ იმუშავებდა. საქართველოს აქვს კარგი რესურსები ელაპარაკოს ცალკე თურქეთს და ცალკე ბაქოს. შესთავაზოს შუამავლის როლი სომხეთს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის.

საქართველოს აქვს ამაზე მორალური უფლება, რუსეთი ჩახსნას კავკასიიდან. თუ ვინმეს შეუძლია რუსეთზე ილაპარაკოს ცალსახად და პირდაპირ, ეს არის საქართველო. ძალიან უცნაურია საქართველოს პრეზიდენტი ენის მოჩლექით რომ ლაპარაკობს და ბუნდოვნად, რუსეთი იქნება თუ არ იქნება კავკასიაში უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი. ეს უნდა იყოს მკაფიოდ ნათქვამი, რომ რუსეთი ვერ იქნება კავკასიაში და უნდა გავიდეს კავკასიიდან”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ინფორმაციისთვის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო კავკასიური პლატფორმის ინიციატივის მიმართ ვერ იქნება ვერც პასიური და ვერც მეორეხარისხოვანი. ის იმედოვნებს, რომ 2021 წელი იქნება ამ კუთხით ჩვენი გაცოცხლების წელი. პრეზიდენტის ამ განცხადების შემდეგ, მისმა ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ კავკასიური სამშვიდობო პლატფორმის წინადადებით პრეზიდენტი არა ერთხელ გამოვიდა.

„ეს გამოსვლა ვერ და არ აღიქმება, როგორც გამოხმაურება რომელიმე სხვა ინიციატივაზე, რადგან კავკასიური სამშვიდობო პლატფორმის წინადადებით პრეზიდენტი არა ერთხელ და ჯერ კიდევ მაშინ გამოვიდა, როდესაც რეგიონში კონფლიქტი მიმდინარეობდა. პრეზიდენტი მუდმივად ხაზს უსვამს კავკასიაში საქართველოს ისტორიულ როლს, რაც ყოველთვის იყო კავკასიის გამაერთიანებელი ძრავის როლი“, -აღნიშნულია განცხადებაში.

იტვირთბა....