ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიიცრებულ პაციენტებთან პრეპარატ „რემდესივირის“ გამოყენებისას აუცილებელი იქნება მათი თანხმობა. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ამასთან, ტიკარაძის თქმით, ასევე აუცილებელი იქნება მინიმუმ ორი ექიმის გადაწყვეტილება, რომ პაციენტს „რემდესივირით“ მკურნალობა ესაჭიროება.
“დღესდღეობით შემოსულია 4 ათასამდე ფლაკონი, რაც სავარაუდოდ, 450-დან 460-მდე პაციენტის საჭიროებისთვის განკუთვნილი პრეპარატია. პრეპარატი შემდეგნაირად გადანაწილდება – კლინიკებში გადანაწილებაზე გადაწყვეტილებას კლინიკური ჯგუფი მიიღებს. აუცილებელია პაციენტის ინფორმირება და მისი თანხმობა, რომ მზად არის აღნიშნული პრეპარატი მიიღოს. გარდა ამისა, აუცილებელი იქნება მინიმუმ ორი ექიმის გადაწყვეტილება, რომ პაციენტს „რემდესივირით“ მკურნალობა ესაჭიროება. გარდა ამისა, კლინიკამ უნდა დააკმაყოფილოს ის სავარაუდო გართულებები, რაც შეიძლება პრეპარატს მოჰყვეს და მოახდინოს მასზე მონიტორინგი”, – განუცხადა ჟურნალისტებს ტიკარაძემ.
მისივე თქმით, „რემდესივირი“ აღიარებულია აშშ-ში FDI-ის მიერ და შესულია ამერიკის ინფექციონისტთა ასოციაციის პროტოკოლში და საქართველოც ამ პროტოკოლით ვხელმძღვანელობთ.
შეგახსენებთ, კოვიდინფიცირებულთა სამკურნალოდ პრეპარატი “რემდესივირი” საქართველოში დეკემბრის ბოლოს შემოვიდა. როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, აღნიშნული პრეპარატის გამოყენება მოხდება პაციენტის მდგომარეობის მიხედვით და მხოლოდ კლინიკაში.