„პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ერთობლივი ძალისხმევით, მოხერხდა განათლების უწყვეტობისა და ხარისხის უზრუნველყოფა“, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.
როგორც მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, Covid-19-ის პრევენციისა და მოსწავლეებისთვის განათლების უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტრომ სკოლებისთვის დროულად შეიმუშავა შესაბამისი რეკომენდაციები და წარმატებით დანერგა სისტემაში დისტანციური სწავლების სხვადასხვა პლატფორმა.
მისივე თქმით, დისტანციური სწავლა-სწავლების პროცესის გამართვის კუთხით, სამინისტროსა და Microsoft-ს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, ყველა კლასისა და საგნისთვის შეიქმნა ვირტუალური საკლასო ოთახი და გააქტიურდა უნიკალური პროფილები მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის.
„მნიშვნელოვანია ისიც, რომ იმ სკოლებში, სადაც მშობლების სურვილით მოსწავლეები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ, სამინისტრომ შეძლო მასწავლებლების ორმაგი დატვირთვის ანაზღაურება“, – განაცხადა ჩხენკელმა.