ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი მსოფლიო

“რუსეთსა და დასავლეთს შორის ალიანსი დროებითია”

ექსკლუზიური ინტერვიუ ჟურნალისტ ირაკლი ტაბლიაშვილთან

 დღეს, მსოფლიო მედიაში, თურქეთის მიერ რუსული საბრძოლო თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებული საკითხი ყველაზე რეზონანსულია. შემთხვევას გამოეხმაურა ყველა წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია და მსოფილო ლიდერები. უცხოური პრესა აღნიშნულ საკითხს იმდენად სერიოზულად განიხილავს, რომ მესამე მსოფლიო ომსა და გლობალურ დაპირისპირებაზეც კი მიდის საუბრები. „სუ-24“-ის ჩამოგდებას, პუტინი-ერდოღანის განცხადებებსა და ორ ქვეყანას შორის კონფლიქტის შესაძლო გამწვავებაზე „მეტრონომი“ ჟურნალისტ ირაკლი ტაბლიაშვილს ესაუბრა.

“მეტრონომი”: თურქეთის მიერ რუსული საბრძოლო თვითმფრინავის ჩამოგდებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პუტინის განცხადებით, ამას “სერიოზული შედეგები” მოჰყვება. როგორ ფიქრობთ, რა იგულისხმა პუტინმა სერიოზულ შედეგებში და რამდენად შეიძლება დაიძაბოს ვითარება ორ ქვეყანას შორის?

ირაკლი ტაბლიაშვილი: „მე არ ვფიქრობ, რომ რუსეთს ეყოფა გამბედაობა დაძაბოს ურთიერთობა NATO-ს წევრ სახელმწიფოსთან, თურქეთთან. იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში, მას დაპირისპირება მოუწევს არა ერთ, არამედ 28 სახელმწიფოსთან. ალიანსი არის ურყევი ერთიანობა იმ ქვეყნებისა, რომლებიც გაერთიანდნენ გასული საუკუნის 40-იანი წლების მიწურულიდან. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტ პუტინის ეს განცხადება, ისევე როგორც რუსი სხვა ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებები არის ბაქიბუქი და საკუთარი სახის შენარჩუნების უბადრუკი მცდელობა. განცხადებებს მაღალი ალბათობით, რუსეთის პოლიტიკური ისტებლიშმენტი ვერ გასცდება. თურქეთი მოიქცა მართებულად, როცა საჰაერო სივრცის დამრღვევი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო 10 გაფრთხილების შემდეგ“.

– შეძლებენ საერთაშორისო ორგანიზაციები ვგულისხმობ გაეროსა და ნატოს, კონფლიქტის აღმოფხვრას? თუ კონფლიქტის ფესვები იმდენად ღრმადაა წასული, რომ მისი მშვიდობიანი მოგვარება უკვე შეუძლებელია?

– „გაეროს მონაწილეობის აუცილებლობას მოცემულ ეტაპზე ვერ ვხედავ . რაც შეეხება ნატოს, ალიანსის გენერალურმა მდივანმა გუშინ თანლად თქვა, რომ NATO ენდობა თურქეთის მონაცემებს, რომ რუსეთმა დაარღვია თურქეთს საჰაერო სივრცე და შესაბამისად, უჭერს მხარს მის პოზიციას. აქედან გამომდინარე, კონფლიქტი არ იქნება. უბრალოდ, იქნება მკაცრი განცხადებების გაცვლა. რუსეთი ვერ გაბედავს სამხედრო დაპირისპირებას თურქეთთან. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ NATO  ფუძემდებლური პუნქტი, მე-5 მუხლი არის კოლექტიური თავდაცვის შესახებ. ნუ გვგონია, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის რამე კონფლიქტური ვითარება შეიქმნება ომს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა“.

პუტინმა სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების კომენტირებისას განაცხადა, რომ თურქეთი, ამ შემთხვევის შემდეგ, არ დაუკავშირდა ოფიციალურ მოსკოვს და გადაწყვიტა NATO-ში განეხილათ ეს საკითხი. ფიქრობთ, რომ ეს თურქეთის მიერ დაშვებული შეცდომა იყო?

– „არა. თურქეთი როგორც მსოფლიო ცივილიზებული თანამეგობრობის წევრი, ერთგვარად ვალდებული იყო, საკუთარი პოზიცია  პირველად  გაეცნო ალიანსისთვის. რას ამბობს პუტინი, ეს განსახილველი არ არის, რას აბობს ცივილიზებული სამყარო ეს  მნიშვნელოვანია“.

– თურქების მთავარი არგუმენტი სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე, საჰაერო სივრცის დარღვევაა. კრემლში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას და ამტკიცებენ, რომ რუსულ „სუ 24“-ს საჰაერო სივრცე არ დაურღვევია. თქვენთვის რომელი მხარის  არგუმენტებია უფრო მისაღები. თუ ამ შემთხვევაში რუსეთის ინფორმაციაა სწორი, რა მოტივაცია შეიძლებოდა ჰქონოდა თურქეთს საჰაერო სივრცის დაურღვევლად ჩამოეგდო „სუ-24“-ს?

– „რუსეთის პროპაგანდისტული მანქანა, რომლის სათავეშიც არ არის კრემლი და მისი მმართველი პუტინი, ამგვარი ინციდენტების დროს არ გაავრცელებს არასათავისო ინფორმაციას, ანუ ყოველთვის იქნება ტყულის გამავრცელებელი. დაშვებაშიც კი არ შეიძლება იმის თქმა, რომ თურქეთის ინფორმაცია მცდარია და რუსეთის ინფორმაცია სიმართლეა. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა ინტერესი შეიძლება ჰქონოდა თურქეთს, რომ ჩამოეგდო თვითმფრინავი სირიის ტერიტორიაზე, რომ არ დაერღვია მას საჰაერო სივრცე“.

– რუსეთის მონაწილეობა სირიის კონფლიქტის გადაჭრაში და ანტიტერორისტულ კამპანიაში ჩართვა ბევრი კითხვებს აჩენდა დასავლურ მედიაში. თქვენი აზრით,  მიიღებდა თუ არა რუსეთი ანტიტერორისტულ კამპანიაში მონაწილეობას, სანაცვლოდ უკრაინისა და  ყირიმის საკითხის სათავისოდ გადაწყვეტა არ მოეთხოვა?

– „მე ვფიქრობ, რომ რუსეთმა საკმაოდ ოსტატურად მოახერხა ყურადღების გადატანა სირიის კონფლიქტზე და საკუთარ კონტრიბუციაზე ანტიტერორისტულ კამპანიაში. მაგრამ ეს შესაძლო ალიანსი რუსეთისა დასავლეთის ცივილიზებულ სამყაროსთან, მაგალითად საფრანგეთთან, იქნება დროებითი მოვლენა. ვფიქრობ, რომ ცივილიზებული სამყარო დაინახავს, რომ რუსეთი არ არის სტაბილური პარტნიორი. ეს მათ გუშინ უკვე ნახეს. აქვე მნიშვნელოვანია ასადის ფაქტორი. რუსეთს მოუწოდებენ დასავლეთში, რომ გაწიროს ასადი, რომელმაც რამდენიმე წლის წინ  კაცობრიობის დანაშაული ჩაიდინა სირიაში. ვიდრე ასადი სირიის სათავეშია, სირიაში იქნება დაძაბული ვითარება და კონფლიქტი არ მოგვარდება“.

მარიამ ვარადაშვილი

იტვირთბა....