ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რა ბედი ელის ამჟამინდელ პროკურორ გიორგი ბადაშვილს?

საკადრო გადაადგილებები ირაკლი შოთაძის გაპროკურორების შემთხვევაში

„მეტრონომმა“ სანდო წყაროსგან შეიტყო, რომ ახალი მთავარი პროკურორის დანიშვნის შემდეგ, ამჟამინდელი მთავარი პროკურორის, გიორგი ბადაშვილის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად დანიშვნა იგეგმება. რაც შეეხება საგამოძიებო სამსახურის ახლანდელ უფროსს, ლერი ბარნაბიშვილს, იმავე წყაროს ინფორმაციით, ის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესცენტრში ეს ინფორმაცია არ დაგვიდასტურეს. პრესცენტრში ამბობენ, რომ ამგვარი ცვლილებების შესახებ არაფერი სმენიათ.

როგორც გიორგი ბადაშვილის ბიოგრაფიიდან ირკვევა, მას გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის, ფინანსური დანაშაულებისა და ფულის გათეთრების გამოძიების კუთხით. ასე რომ, მისთვის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის შეფობა უცხო ხილი ნამდვილად არ იქნება.

შეგახსენებთ, რომ შოთაძის კანდიდატურას მთავარი პროკურორის თანამდებობაზე მიმდინარე კვირას უნდა ეყაროს კენჭი, რის შემდეგაც გადაწყდება დანარჩენი ჩინოსნების თანამდებობრივი გადაადგილების საკითხები.

 

გიორგი სურამელი

იტვირთბა....