სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მხოლოდ ის პარტია მიიღებს, რომელიც მისთვის განკუთვნილ პარლამენტის წევრის მანდატს ან მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს. ხოლო პარტია მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარი მაინც არასაპატიო მიზეზით გააცდენს მიმდინარე მოწვევის პარლამენტის წინა წლის ყველა პლენარულ სხდომას.
აღნიშნული კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან დეპუტატები – ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ქადაგიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, რატი იონათამიშვილი და დავით მათიკაშვილი.
“პოლიტიკური პარტიები სახელმწიფო დაფინანსებას იღებენ მიზნობრივად, საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლით განსაზღვრული კონსტიტუციურ სამართლებრივი ფუნქციის შესასრულებლად. პარტიების კონსტიტუციური ფუნქციაა, მონაწილეობა მიიღონ ხალხის პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში და უზრუნველყონ ხალხის პოლიტიკური ძალაუფლების რეალიზება. წარმომადგენლობით დემოკრატიაში აღნიშნულ ფუნქციას პარტიები არსებითად არჩევნებისა და უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს − პარლამენტის მეშვეობით ახორციელებენ. პოლიტიკური პარტიები სახელმწიფო დაფინანსებას იღებენ დემოკრატიულ პოლიტიკურ პროცესში ქმედითი და კონსტრუქციული მონაწილეობისთვის. იმ პირობებში კი, როდესაც პარტია ამ დემოკრატიულ პოლიტიკურ პროცესს და ქვეყნის მთავარ დემოკრატიულ ინსტიტუტს თვისებრივად უპირისპირდება, აწარმოებს პარლამენტის საბოტაჟს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ასრულებს კონტრპროდუქტიულ როლს და პრინციპულად ეწინააღმდეგება დაფინანსების სამართლებრივ ამოცანას“, – ნათქვამია საკანონმდებლო ინიციატივის განმარტებით ბარათში.