რუსეთის დედაქალაქში, თურქეთის საელჩოსთან მოწყობლ საპროტესტო აქციაში ასეულობით ადამიანი მონაწილეობდა. რუსული ბიბისის ცნობით, დემონსტრანტებმა საელჩოს შენობას კვერცხები და საღებავის ქილები დაუშინეს და ფანჯრის შუშები ჩაამსხვრიეს. აღსანიშნავია,რომ ამ ამბავში პოლიცია არ ჩარეულა და არავინ დაუკავებია. თურქეთის საელჩოს პრეს-ატაშემ ორჰან გაზიგილმა ბიბისის განუცხადა, რომ დემონსტრანტები ფანჯრებს ბოთლებს და ქვებსაც ესროდნენ, რის გამოც რამდენიმე თანამშრომელი მსუბუქად დაშავდა.
ზოგიერთ დემონსტრანტს ხელში პლაკატები ეჭირა პუტინის ციტატით: „ზურგში დანის ჩარტყმა“, ასევე ტექსტით „თურქეთში არ მივდივარ“.
შეგახსენებთ, რომ პროტესტი თურქეთის სამხედრო-საავიაციო ძალების მიერ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებას მოჰყვა. ავიაკატასროფაში ერთი მფრინავი დაიღუპა. რუსეთის პრეზიდენტმა თვითმფრინავის ჩამოგდებას „ტერორიზმის ხელშემწყობების მიერ ზურგში დანის ჩარტყმა“ უწოდა.